“სამგურალის” მეკარეების მწვრთნელი საერთაშორისო კონფერენციაზე

0
105
წყალტუბოს ,,სამგურალის” მეკარეების მწვრთნელმა ლევან აბაშიძემ 24-26 მარტს ჰოლანდიაში, სინტ-მიჩიელსგესტელში გამართულ მეკარეების საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ტოპ 5 ლიგის 8 მწვრთნელი სტუმრებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს ატარებდნენ.
სემინარს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებიდან 30-მდე მეკარეების მწვრთნელი ესწრებოდა.

ლევან აბაშიძე: ,,ჰოლანდიაში ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრის ინიციატივით მოვხვდი, რომელმაც სემინარში მონაწილეობა შემომთავაზა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წყალტუბოს ,,სამგურალის” ხელმძღვანელობას, განსაკუთრებითრებით კლუბის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ იაშვილს, რომელმაც საშუალება მომცა აღნიშნულ კონფერენციაზე მიმეღო მონაწილეობა. კლუბმა დააფინანსა მგზავრობისა და მონაწილეობის თანხები.
– რომელი კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ კონფერენციაში?
– სინტ-მიჩიელსგესტელში კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. სემინარს ხელმძღვანელობდა ცნობილი ჰოლანდიელი მეკარე და მწვრთნელი მარტენ არტსი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცნობილი კლუბების მეკარეების მწვრთნელები : ჯოზეფ სალვადორი (,,ესპანიოლი”) , ფაბიან ოტე (,,ბორუსია” მიუნხენგლადბახი), ჯანლუკა ძაპალა (მილანის ,,ინტერი”), მიჩელ დე ბერნანდინი (,,სამპდორია”), პასკალ ფორმანი (,,ვოლსბურგი”), ჯონათან ლიებუ (,,ტრუა”), რობ ბარჩი (,,ფულემი”), რიკარდო პერეირა (,,ინდეპენდენტიე”). თითოეულ მათგანს პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ჰქონდა თავისი მეთოდოლოგია და ხედვები.
– კონკრეტულად რა თემები და სიახლეები იყო წარმოდგენილი კონფერენციაზე ?
– კონფერენციაზე ბევრი საინტერესო საკითხი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, მეკარის პროფილი თანამედროვე ფეხბურთში, მეკარეების მწვრთნელის მნიშვნელობა და მისი მუშაობის პრინციპები, ინტეგრაცია სამწვრთნელო შტაბთან, ახალგაზრდულ კლუბებთან და საფეხბურთო აკადემიასთან მუშაობის პრონციპები. წარმატებული ახალგაზრდა მეკარეების მოწვევა სამწვრთნელო პროცესებში და მათი მოტივაცია… პრაქტიკულ სამუშაოებში კი თითოეულ მწვრთნელს გაკეთებული ჰქონდა მიმართულების სავარჯიშოები. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს გავეცანი. ცაკლე ბლოკი დაეთმო თანამედროვე ინვენტარებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას სავარჯიშო პროცესებში. მათ მნიშვნელობას მეკარეების აღზრდასა და განვითარებაში.
პროფესიული ზრდის თვალსაზრისით თქვენთვის
– რამდენად მნიშვნელოვანი იყო კონფერენციაზე მონაწილეობა?
– თითოეული მწვრთნელი თავისი საქმის დიდი პროფესიონალი იყო, მათთან ურთიერთობით კარგი გამოცდილება მივიღე. გარდა კონფერენციისა, მქონდა მათთან პირადი შეხვედრები და ინდივიდუალური საუბრები ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ძალიან საინტერესო კონფერენსია იყო, ბევრ სიახლეს გავეცანი და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოვიპოვე, რომელიც ჩემს საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება.