ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი საქართველოსთან მატჩში მხოლოდ სამ ქულას გეგმავს. მან ამის შესახებ ევრო 2024-ისშ ესარჩევ ციკლში დღეს ბათუმში გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე გუნდის ფორვარდი ალექსანდერ სორლოტი დაესწრო.
სტოლე სოლბაკენი: “მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელის მატიას ნორმანის ნაკრებში დაბრუნება? მისი დაბრუნების შანსი არ არის, მანამდე, სანამ ამ პირობებში რუსეთში თამაშობს. შანსი არაა. 4:1 მოგება თბილისში 1999 წელს? იმ თამაშში მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიყავი, სერიოზულად (იღიმის – რედ). ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ ვეცადოთ ქულების მოპოვება. ვხვდებით ძალიან კარგ გუნდს, რომელმაც სახლში რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, როგორებიც იყო თამაშები ესპანეთის, შვედეთის წინააღმდეგ. გარემოც საოცარი იყო, რამაც გადაწყვიტა თამაშის ბედი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, მაგრამ აქ მხოლოდ 3 ქულისთვის ჩამოვედით.
კვარაცხელია, როგორც პასებით, ისე გოლებით რეგულარულად გამოირჩევა. თითქმის ყველა გოლში იღებს მონაწილეობას. ძალიან პერსპექტიული ბიჭია და ამას აჩვენებს როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე სერია A-ში. „ნაპოლი“ ჩემი აზრით, ახლა იტალიაში საუკეთესო გუნდია და შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდეს. ამ გუნდს კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს.
საქართველოს კვარაცხელიას გარდა, სხვა კარგი ფეხბურთელები ჰყავს, სამი ცენტრალური მცველი, ასევე თავდამსხმელი. ვილი სანიოლის სახით ძალიან კარგი მწვრთნელიც გყავთ. საქართველო ანგარიშგასაწევი გუნდია, თუმცა კვლავ განვმეორდები, აქ მოსაგებად ვართ ჩამოსული.
დღესდღეობით ორივე გუნდს ჰყავს ანალიტიკოსი, ბევრი საიდუმლო არ არსებობს და ფეხბურთელების თქმის გარეშე კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ კონკრეტული მოთამაშისგან, მათ შორის, ხვიჩასგან და ზურიკოსგან, ისევე, როგორც მთელი საქართველოს ნაკრებისგან“.
ალექსანდერ სორლოტი: “ამ დროისათვის საკმაოდ თავდაჯერებული ვარ. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ და გოლები გამაქვს. ნაკრებშიც თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ.
ჰოლანდი? როდესაც კარგავ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელს, დიდი დანაკლისია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ბევრი გოლი გააქვს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ხანდახან შესაძლო ზედმეტად დამოკიდებული გახდე ერთ ფეხბურთელზე, მაგრამ ახლა ეს არჩევანი არ გვაქვს.
კარგ ატმოსფეროს ველოდებით, რადგან სახლში საქართველოს ნაკრები ყოველთვის კარგად თამაშობს. მეტოქისგან მძიმე შრომას ველოდებით. კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ფეხბურთს უყურებს და უყვარს, ამას ხედავს. ერთ-ერთზე ძალიან კარგია, გოლები გააქვს, საგოლე პასებს აკეთებს. მასთან დაპირისპირება რთული იქნება. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი ეცდება ბურთის ფლობას. შესაძლოა, ერთი გოლი გადამწყვეტი იყოს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ”.
საქართველო – ნორვეგიის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ თამაშს ჩაატარებს, ხოლო ნორვეგია ბათუმში ჩამოსვლამდე მალაგაში ესპანეთთან 0:3 დამარცხდა.
ცნობისთვის, ბათუმში ჩასატარებელ შეხვედრამდე საქართველო ნორვეგიას სამჯერ შეხვდა და ყველა მატჩი წააგო – 1996 წელს ოსლოშში ამხანაგურ შეხვედრაში 0:1 დამარცხდა, 1999 წელს ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში – 1:4, ხოლო ოსლოში – 0:1.
დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი და ვებგვერდი atiani.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბათუმში ჟურნალისტებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნისთვის
გოჩა კაჭარავა




