საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიას თქმით, ცუდია, რომ ნორვეგიას ერლინგ ჰოლანდი დააკლდება. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ბათუმში ხვალ ნორვეგიასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გურამ კაშია: „ვიცით, რომ ნორვეგია ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ღირსეული. ჩემი ამოცანაა თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში და იმედია, რომ ამას თავს გავართმევ. ინდივიდუალურად ფეხბურთელების წინააღმდეგ სათამაშოდ არ ვემზადებით, არამედ გუნდურად და გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ.
ბათუმში ჩატარებულ ბოლო ორ მატჩთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. აქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა, მოუთმენლად ველოდები თამაშს, რომ კიდევ ერთხელ კარგი მოგონება დაგვრჩეს. იმედია, გულშემატკივარი ჩვენი თამაშით კმაყოფილი დარჩება. ძალიან რთული თამაში იქნება, გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს გვერდით იქნებიან. მიმაჩნია, რომ ახლა უფრო ძლიერ ჯგუფში ვართ. ეს იქნება ტესტი, რომლის საშუალებით ჩვენს ძალებს რეალურად შევამოწმებთ.
ჰოლანდი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია და სამწუხაროა, რომ ვერ ითამაშებს, რადგან საინტერესოც იქნებოდა მასთან დაპირისპირება. ის დიდი დანაკლისია ნორვეგიის ნაკრებისთვის. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრებში ყოფნა დიდი ბედნიერებაა. გამოცდილი ფეხბურთელები ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს კომფორტი შევუქმნათ“.
საქართველო – ნორვეგიის დაპირისპირება 28 მარტს 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ თამაშს ჩაატარებს, ხოლო ნორვეგია ბათუმში ჩამოსვლამდე მალაგაში ესპანეთთან 0:3 დამარცხდა.
ცნობითსთვის, ბათუმში ჩასატარებელ შეხვედრამდე საქართველო ნორვეგიას სამჯერ შეხვდა და ყველა მატჩი წააგო – 1996 წელს ოსლოშში ამხანაგურ შეხვედრაში 0:1 დამარცხდა, 1999 წელს ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში – 1:4, ხოლო ოსლოში – 0:1.
დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი და ვებგვერდი atiani.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბათუმში ჟურნალისტებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნისთვის
გოჩა კაჭარავა




