ვილი სანიოლი: “მთავარია გუნდი და არა ინდივიდები”

0
70

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის თქმით, მთავარი გუნდია და არა ინდივიდები. ფრანგმა სპეციალისტმა ამას ხაზი  ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში ხვალ ბათუმში ნორვეგიასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “რა თქმა უნდა, ესპანეთი – ნორვეგიის მატჩს ვუყურეთ. პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ნორვეგია  ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა – ბოლო ორი გოლი მატჩის მიწურულს გაუშვეს. ძალიან კარგად ითამაშეს. ჩემს ფეხბურთელებს კარგად ესმით, რომ რთული თამაში იქნება, რისთვისაც მზად ვართ.
ხვიჩა ოსტიგორს კარგად იცნობს, მაგრამ მთავარია გუნდი, არა ინდივიდები. ხვიჩა „ნაპოლიში“ ხშირად განსხვავებულ პოზიციებზე თამაშობს, ვიდრე საქართველოს ნაკრებში. ერთა ლიგის ჯგუფთან შედარება? ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის პატივისცემის მიუხედავად, ეს ჯგუფი უფრო ძლიერია და უფრო ძლიერი მეტოქეები გვყავს. ჩვენ გავაანალიზეთ ერთა ლიგის მატჩები, მაგრამ ახლა ძალიან მაინტერესებს, როგორ ვითამაშებთ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ და მოუთმენლად ველოდებით მატჩებს.
როგორც ფეხბურთის მოყვარულს, მინდა, რომ მოედანზე ყოველთვის საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც დიდი მოტივაციაა. ნორვეგიის ნაკრებისთვის ერლინგ ჰალანდის არყოფნა დიდი დანაკლისია. ამიტომ, სავარაუდოდ, სისტემას შეცვლიან, რაც ჩვენთვის გამოწვევაა, რისთვისაც მზად ვართ.
საქართველოს ნაკრები განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე „ნაპოლი“, ამიტომაც ვთქვი, რომ კვარაცხელია ნაკრებში სხვანაირად თამაშობს, ვიდრე კლუბში. ერთა ლიგაზე მან დაამტკიცა, რომ ნაკრებში ისეთ მაღალ დონეს აჩვენებს, როგორც „ნაპოლიში“.
ახალგაზრდები? ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში არაერთი ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. თუ არ მეშლება, 11 ფეხბურთელი გვყავს გუნდში, რომლებსაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეუძლია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ვითარდებიან. ვიმედოვნებ, რომ ყველა მათგანი გააგრძელებს შრომას და ნაკრებში უფრო ხშირად მოხვდება“.
საქართველო – ნორვეგიის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ თამაშს ჩაატარებს, ხოლო ნორვეგია ბათუმში ჩამოსვლამდე მალაგაში ესპანეთთან 0:3 დამარცხდა.
ცნობისთვის, ბათუმში ჩასატარებელ შეხვედრამდე საქართველო ნორვეგიას სამჯერ შეხვდა და ყველა მატჩი წააგო – 1996 წელს ოსლოშში ამხანაგურ შეხვედრაში 0:1 დამარცხდა,  1999 წელს ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში – 1:4, ხოლო ოსლოში – 0:1.

დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი და ვებგვერდი atiani.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბათუმში ჟურნალისტებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნისთვის
გოჩა კაჭარავა