საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა 2023 წელს პირველი მატჩი მონღოლეთთან ჩაატარა. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ბალახის საფარის გამოცვლის გამო, ფრანგი ვილი სანიოლის შეგირდებო აზიელებს ბათუმში ესპარინგნენ. გასული თამაში ისტორიული აღმოჩნდა, რადგან საქართველო პირველი ევროპული ნაკრებია, რომელსაც არსებობის ისტორიაში მონღოლები შეხვდნენ.
მასპინძლებს მეკარე გიორგი ლორიამ უკაპიტნა. დაცვის ცენტრში მამუკა კობახიძე, საბა საზონოვი და ლაშა დვალი თამაშობდნენ. მარჯვენა ფლანგი საბა ლობჟანიძეს ებარა, ხოლო მარცხენა – გიორგი გოჩოლეიშვილს. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი აბურჯანია, ლუკა გაგნიძე და გიორგი წიტაიშვილი მოქმედებნენ. თავდასხმაში გიორგი ჩაკვეტაძე და დავით ვოლკოვი ირჯებოდნენ. საზონოვმა და გაგნიძემ ნაკრების სასტარტოში პირველად ითამაშეს.
მასპინძლები როგორც მოსალოდნელი იყო დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გახსნა მე-2 წუთზე შეეძლოთ, როდესაც საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მარჯვენა ფლანგიდან წიტაიშვილმა მეტოქის კართან კობახიძე მოძებნა, რომლის თავური მიზანს ოდნავ აცდა.
ხუთ წუთში ლობჟანიძე სტუმრების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მას მერე რაც ერთ მცველს გაექცა, ზუსტი პასი ვოლკოვს გაუკეთა, რომელმაც თავით ვერ გაიტანა. ცოტა ხანში, აბურჯანიამ შორი მანძილიდან დაარტყა და მონღოლთა მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
მე-15 წუთზე აბურჯანიამ გადაცემა არ დაუგვიანა სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ჩაკვეტაძეს, რომელიც ორ მცველს გაცდა და დაარტყა, ხოლო მეკარის მოგერიებული ბურთი ვოლკოვმა მკერდზე მიღების მერე კარში გადაგზავნა – 1:0. მან ნაკრებში თავი მეორედ გამოიჩინა.
ტაიმის შუაწელში ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასით ბურთი თავზე „დაასვა“ კარი წინ მდგომ ვოლკოვს, რომლის თავურის მერე აზიელები გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა „გადაარჩინა“. ამას მასპინძლების კიდევ ერთი იერიში მოჰყვა და ლობჟანიძემ მარჯვნიდან მონღოლების საჯარიმოში გახსნილი ჩაკვეტაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ახლოდან დაარტყა და მეკარემ ასპროცენტიანი გოლისგან თავისი გუნდი ფეხით გადაარჩინა.
31-ე წუთზე თავისი საჯარიმოდნა ლორიამ ძალიან ცუდი პასი გაუკეთა კობახიძეს, რასაც მონღოლების კონტრშეტევა მოჰყვა და განბოლდის ძალიან კარგი გადაცემის მერე ლორიასთან პირისპირ დარჩენილმა ბატბოლდმა გაიტანა – 1:1.
39-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან აზიელთა საჯარიმოში შესული გოჩოლეიშვილმა შეეცადა ფინტებით ბატბოლდს გაქცეოდა და საბოლოოდ მონღოლმა წააქცია, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანი შეასრულა, მაგრამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ნაკრების მაისურით გოლის გატანის შანსი გაუშვა – მუნკერდენემ ბურთი მოიგერია.
ტაიმის მიწურულს ბურთის დასაუფლებლად კარიდან გამოსული ლორია თავით კობახიძეს ფეხზე შეეჯახა და ტრავმა მიიღო. შესვენებაზე ლორია ლუკა გუგეშაშვილმა შეცვალა, ხოლო კაპიტნობა თამაშში ჩართულმა ნიკა კვეკვესკირმა გადაიბარა. გუგეშაშვილს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი ძალიან აქტიურად დაიწყო და ამან შედეგი გამოიღო. თამაშის განახლებიდან 10 წუთში მეტოქის საჯარიმოში მყოფმა წიტაიშვილმა ძლიერად დაარტყა და მეკარის უკუგდებულ ბურთზე მცველს ჩაკვეტაძემ დაასწრო, რომელმაც ვარდნაში გაიტანა. მონღოლეთთან შეხვედრამდე ჩაკვეტაძემ ბოლოს ნაკრებში გოლი 2018 წლის 19 ნოემბერს ერთა ლიგაში ყაზახეთთან გაიტანა.
57-ე წუთზე გაგნიძემ საუცხოო პასით აზიელთა საჯარიმოში ვოლკოვი მოამარაგა, რომელმაც მეკარესთან მარტო დარჩენილმა თავად ვერ გაიტანა, მაგრამ სამაგიეროდ პასი ჩაკვეტაძეს მისცა, ამ უკანასკნელმა კი დუბლი შეასრულა. მან სანაკრებო კარიერაში ერთ მატჩში ორი გოლი პირველად გაიტანა.
69-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან გახნილ ლობჟანიძეს გადააწოდა, რომელმაც შორეულ კუთხეში დარტყმით ნაკრების მაისურით თავისი პირველი გოლი მიითვალა.
64-ე წუთზე მოედანზე თბილისის „დინამოს“ 17 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა ჩაერთო, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისური პირველად მოირგო.
88-ე წუთზე ბუდუ ზივძივაძემ ბურთი მონღოლთა ნახევარზე მიიღო და ზუსტი პასით მეკარეს გიორგი ბერიძე შეატოვა, რომელმაც ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 5:1. მისთვის ეს პირველი სანაკრებო გოლი აღმოჩნდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ლობჟანიძემ მარჯვენა ფრთიდან აზიელთა კართან ბუდუ ზივზივაძე მონახა, რომელმაც ერთი შეხებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვილი სანიოლის მწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ნაკკრებმა ჯერჯერობით ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.
28 მარტს, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში პირველ მატჩს ბათუმში ნოვეგიასთან ჩაატარებს.
საქართველო – მონღოლეთი 6:1 (1:1)
25 მარტი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
საქართველო: ლორია (კ) (გუგეშაშვილი, 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი, 46), გაგნიძე (დავითაშვილი, 64), წიტაიშვილი (სიგუა, 64), ლობჟანიძე) ჩაკვეტაძე (ზივზივაძე, 64), ვოლკოვი (ბერიძე, 71)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
მონღოლეთი:ენხტაივანი; ცუვშანჯარგალი, ბაიარცენგელი, ორხონი, ბ. განბოლდი; ამარაა, ხურელბაატარი, არტაგი; ბატბოლდი, ბაატარცოგტი, გ. განბოლდი.
მთავარი მწვრთნელი: იჩირო ოცუკა
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბატბოლდი (1:1), 2:1 ჩაკვეტაძე (55), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟნიძე (69), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1).
ჩაკვეტაძემ 39-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე)
გაფრთხილება: დულგუუნი (60)
მთავარი მსაჯი: ზავენ ჰოვჰავისიანი.
ლაშა თაბაგარი
