კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი „ტორინოსთან“ – „ნაპოლის“ რეკორდი

0
33

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლების მოსაგებად გზას განაგრძობს. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი სერია A-ს 27-ე ტურში სტუმრად „ტორინოს“ შეხვდა და მორიგი სამი ქულა აიღო.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და როგორც ყოველთვის გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო.
ანგარიშის გახსნამდე პირველი სწორედ საქართველოს ნაკრების გარემარბი დაემუქრა მასპინძელტა კარს საჯარიმო გარედან, მაგრამ ბურთი სათანადოდ ვერ „მოჭრა“.
მე-9 წუთზე პიოტრ ზელინსკიმ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა თავით ტურინელთა კარი აიღო.
ამის შემდეგ, „ტორინო“ გააქტიურდა და საჯარიმოს მისადგომებიდან რიჩის დარტყმის შემდეგ მერეტმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია, ხოლო ცოტა ხანში ანგარიშის გათანაბრების შანსი სანაბრიამ ვერ გამოიყენა.
35-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო და როდესაც დარტყმას აპირებდა, ლინეტმა წააქცია. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც კვარაცხელიამ გამოიყენა და თავი ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში მე-12 გოლი ჩაიწერა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით ამ სეზონში 4 პენალტი „გამოიმუშავა“.  კვარაცხელიამ ტურინელებს გოლი პ ირველ წრეშიც გაუტანა.
51-ე წუთზე. კვარაცხელიამ ქუსლით დროული პასი გაუკეთა მარცხენა ფლანგზე შეტევაში ჩართულ ოლივერას, რომელმაც „ტორინონს“ საჯარიმოში ოსიმენი მოძებნა და ნიგერიელმა თავით დუბლი შეასრულა. ის 21 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
68-ე წუთზე ოსიმენმა მეტოქის ნახევარზე ბურთი მცველს აართვა და კვარაცხელიას გადააწოდა, რომლის პასის მერე, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ნდომბელემ ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. ხვიჩამ სერია A-ში მე-10  საგოლე პასი მიითვალა და ამ მაჩვენებლით ლიდერია. მან განვლილი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ არსებობის ისტორიაში სტუმრად ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგოს ისე რომ გოლი არ გაუშვია, რაც საკლუბო რეკორდია.
კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირში 14 გოლი და 14 საგოლე პასია.
ლაშა თაბაგარი