საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრა

0
29

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ამსტერდამის რეისით ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ძალიან პრინციპული შეხვედრა ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ისტორიულ მიჯნაზეა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორივე მატჩის მოგება სჭირდება. მეტოქე აუტსაიდერია, თუმცა ნიდერლანდებთან მატჩის ფასი იმდენად დიდია. რომ ამას მნიშვნელობა დაკარგული აქვს.
ნიდერლანდები საქართველოს ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეში მიიღებს. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი სამშობლოში ჩარტერული რეისით დაბრუნდება, რათა საკვალიფიკაციოს დასკვნითი მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს. ისლანდიასთან შეხვედრა 26 თებერვალს, თბილისი არენაზე, 20:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში 4 კალათბურთელის გარეშე გაემგზავრა. თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი ჩვენს ნაკრებს პირდაპირ ნიდერლანდებში შეუერთდებიან.
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა ტრადიციულად კომბინაციების დამუშავებაზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა კალათბურთელები როგორც ცალ, ისე ორივე ფარში ათამაშა. ვარჯიშის ბოლოს კი ტრადიციულად სროლებში ივარჯიშეს.