კვირკვიამ დუბლით „ქიაფაზს“ მოაგებინა

0
50

მათე კვირკვიამ განჯის „ქიაფაზში“ გადასვლის შემდეგ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში პირველი დუბლი შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
23-ე ტურში „ქიაფაზმა“ „შამახი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 23-ე წუთზე გაიტანეს – 1:1.
55-ე წუთზე „ქიაფაზის“ კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბრაზილიელმა ალესანდრო პასი ქართველ ფორვარდს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით შეაგდო – 2:1.
„შამახმა“ კიდევ ერთხელ ანგარიშში თანაფარდობა 62-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ 10 წუტში მასპინძლების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კვირკვიამ ისარგებლა და დუბლი მიითვალა. ის 83-ე წუთზე შეცვალეს. 26 წლის ფეხბურთელი „ქიაფაზში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 22 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
განვლილ თამაშში კვირკვიას გარდა განჯელთა სასტარტოში მცველი გიორგი ქანთარია იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. „ქიაფაზი“ 17 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.