არგენტინამ მუნდიალი თრილერში მოიგო – მესიმ სანუკვარი თასი ასწია

0
88

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 36-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა გუნდმა საფრანგეთს პენალტების სერიაში აჯობა ფინალში, რომელიც მუნდიალების ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება. პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული პენალტების სერიაში გადამწყვეტი მატჩის გამარჯვებულის ვინაობა მესამედ გადაწყდა, ხოლო არგენტინამ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული თასი აგრეთვე მესამედ აღმართა.
მატჩის 23-ე წუთზდ ტრავმის მოშუშების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა ანხელ დი მარიამ მეტოქის საჯარიმოში გვერდი უსმან დემბელეს აუარა, რომელმაც არგენტინელმა წააქცია და პოლონელმა მთავარმა სიმონ მარცინიაკმა პენალტი დანიშნა. ლიონელ მესიმ თერთმეტრიანი ზუსტად დაარტყა – 1:0.
36-ე წუთზე არგენტინამ საუცხოო კონტრშეტევა განავითარა, როდესაც მესიმ პასი დი პაულს მისცა, ხოლო მან მარჯვნივ გახნილი მაკალისტერი მოძებნა, რომელმაც ბურთი არ დაუგვიანა საჯარიმოშ გახსნილ დი მარიას, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით შორეულ კუთხეში გაიტანა – 2:0. ის 1966 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელუ გახდა, რომელმაც პენალტი მოიპოვა და გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის პირველია, ვინც მეტოქის კარი მსოფლიო ჩემპიონატის, ოლიმპიური თამაშების და კოპა ამერიკის ფინალებში აიღო.
საფრანგეთი ისე ცუდად თამაშობდა, რომ პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დიდიე დეშამმა მოედნიდან ოლივიე ჟირუ და დემბელე გაიყვანა. მანამდე, მუნდიალების ფინალში შესვენებამდე 2 მოთამაშე არცერთ მწვრთნელს შეუცვლია.
მე-80 წუთამდე ალბათ ვერავინ იფიქრებდა იმას რაც შემდეგ მოედანზე მოხდა. ჯერ იყო და ოტამენდიმ თავის საჯარიმოში კოლო მუანი წააქცია და კილიან მბაპემ პენალტი გაიტანა, ხოლო 81-ე წუთზე მესიმ თავის ნახევარზე ბურთი დაკარგა და მბაპემ მარკუს ტურამთან გათამაშებული „კედლის“ შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ვარდნაში ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
პირველ დამატებულ ტაიმში შეცვლაზე შესულმა ლაუტარო მარტინესმა ორი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. 108-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი უგო ლორისმა მოიგერია, ხოლო მესიმ ბარძაყით გაიტანა. მან კარიერაში მარჯვენა ფეხით მოწინააღმდეგეთა კარი მეასედ აიღო.
118-ე წუთზე კილიან მბაპეს დარტყმის შემდეგ არგენტინელ მცველს ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დადო. მბაპემ თავისი შანსი გოლად აქცია.
დამატებული დროის ბოლო წუთზე კოლო მუანი არგენტინელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და მისი დარტყმული ბურთი ემილიანო მარტინესმა მოიგერია.
პენალტების სერიაში თავისი შანსი არგენტინელებიდან მესიმ, დიბალამ, პარედესმა და მონტიელმა გამოიყენეს. ფრანგებიდან თერთმეტმეტრიანი მპაბემ გაიტანა, ხოლო კომანს ემილიანო მარტინესმა აუღო. ჩუამენიმ ბურთი კარს ააცილა, კოლო მუანიმ კი მეტოქის კარი აიღო. არგენტინამ პენალტების სერია 4:2 მოიგო.
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად 35 წლის მესი დაასახელეს, რომელმაც 7 გოლი გაიტანა და მუნდიალების ისტორიაში ერთადერთია, ვინც პლეი-ოფის ყველა სტადიაზე თავი გამოიჩინა. ასევე, მან სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მესიმ 4 გოლი პენალტიდან მიითვალა და ერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მან პორტუგალიელი ეუსებიოსა (1966) და ნიდერლანდელი რობ რენსებრინკის (1978) რეკორდი გაიმეორა. ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამაზე მეტი პენალტი არავის გაუტანია. ის საუკეთესოდ 2014 წელს ბრაზილიაშიც დაასახელეს, როდესაც არგენტინა ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. მესი ფინალის საუკეთესო მოთამაშეც გახდა – განვლილ ტურნირში ჩატარებული 7 მატჩიდან, ის საუკეთესოდ 5-ჯერ აღიარეს. ლეო ერთადერთია, რომელსაც 2 ასეთი ჯილდო გადასცეს. ცნობისთვის, 1994 წლის შემდეგ პირველად მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი “ოქროს ბურთი” მსოფლიო ჩემპიონმა მიიღო. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 26 თამაში ჩაატარა და გერმანელი ლოთარ მათეუსის რეკორდი მოხსნა.
ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გოლი 35 წლისა და 177 დღის ასაკში გაიტანა. მასზე ხანდაზმულს ფინალში გოლი მხოლოდ ნილს ლიდჰოლმს აქვს გატანილი (1958 წელს) 35 წლისა და 264 დღის ასაკში.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 13 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ფრანგ ჟიუსტ ფონტენს გაუტოლდა – ის მხოლოდ გერმანელ გერდ მიულერს (14), ბრაზილიელ რონალდოს (15) და გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16) ჩამორჩება
მსოფლიო ჩემპიონატის თასი ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელებმა ნერი პუმპიდომ და სერხიო ბატისტამ გამოიტანეს, რომელთაც ეს ჯილდო 1986 წელს მექსიკაში მოიგეს, ხოლო სანუჯვარი თასი კარიერაში პირველად არგენტინელთა კაპიტანმა მესიმ აღმართა.
მესიმ სანაკრებო კარიერაში მე-3 ჯილდო მოიპოვა – მანამდე კოპა ამერიკის თასს და ფინალისიმას დაეუფლა. მან როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე 42-ე ტიტული მოიპოვა. ერთადერთი ტურნირი რომელშიც მესი მონაწილეობდა და არ გაუმარჯვია საფრანგეთის თასია.
ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი არგენტინელი ენცო ფერნანდესი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ არგენტინელი ემილიანო მარტინესი აღიარეს.
მბაპე 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ფინალში ჯერ 20 წლის წინ ბრაზილიელი რონალდოს ნაჩვენები შედეგი გაიმეორა და დუბლი მიითვალა, ხოლო დამატებულ დროში ინგლისელი ჯეფ ჰერსტის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჰერსტმა ასეთი რამ 1966 წელს ინგლისში გამართული მუნდიალის ფინალში გერმანიასთან (4:2) შეასრულა. მბაპემ ტურნირზე 2 საგოლე პასიც მიითვალა.
მბაპემ მსოფლიპო ჩემპიონატებზე 12 გოლი გაიტანა და ლეგენდარული პელეს რეკორდი გაიმეორა. 23 წლის ფრანგი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლები გაიტანა. მბაპე მე-5 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ორ ფინალში გოლი გაიტანა ბრაზილელების ვავას და პელეს, გერმანელი პაულლ ბრაიტნერისა და ფრანგი ზინედინ ზიდანის შემდეგ.
ის ბოლო 20 წლის განმავლობაში მეორე მოთამაშეა, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა – 2002 წელს იმავე ბრაზილიელმა რონალდომ მოახერხა. სხვათა შორის, წაგებული ფინალის შემდეგ დამწუხრებულ მბაპეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამშვიდებდა.
უგო ლორისმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-20 თამაში ჩაატარა და მეკარეებში რეკორდსმენი გახდა. ფრანგმა გერმანელ მანუელ ნოიერს (19 თამაში მუნდიალზე) აჯობა. გარდა ამისა, ლორისი რიგით მეორე ყველაზე ხანდაზმული კაპიტანია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა (35 წლის 357 დღის). მასზე ასაკოვანი მხოლოდ დინო ძოფი იყო 1982 წლის მუნდიალის ფინალში, როცა მან იტალიას 40 წლისა და 133 დღის ასაკში უკაპიტნა.
სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონი მეათედ გახდა – ბრაზილია 5-ჯერ, არგენტინა 3-ჯერ, ხოლო ურუგვაი 2-ჯერ. ევროპულმა ნაკრებებმა მუნდიალი 12-ჯერ მოიგეს – 4-4 ჯერ გერმანიამ და იტალიამ, 2-ჯერ საფრანგეთმა, თითოჯერ – ინგლისმა და ესპანეთმა.
კატარის მუნდიალზე 172 გოლი გავიდა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მანამდე საუკეთესო შედეგი 171 გოლი იყო – 1998 წელს საფრანგეთში და 2014 წელს ბრაზილიაში.
მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებისთვის არგენტინის ნაკრებმა კონმებოლისგან (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) 10 მილიონი დოლარი მიიღო.
ფიფამ კაატრის მსოფლიო ჩემპიონატზე 7,89 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდია. ფიფამ 3,85 მილიარდი დოლარი ტელე და ონლაინ ტრანსლიაციებიდან გამოიმუშავა. სპონსორული კონტრაქტებიდან 2,4 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო ბილეთების გაყიდვისგან – 1,1 მილიარდი.