სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა

0
67

ლეგენდარული სერბი ფეხბურთელი სინიშა მიხაილოვიჩი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. იუგოსლავიისა და სერბეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს 2019 წლიდან ლეიკემია ჰქონდა და მისი სიკვდილის შესახებ ცნობა დღეს გავრცელდა.
მიხაილოვიჩი ფეხბურთელობის პერიოდში სერბულ „ბოროვოში“, „ვოივოდინაში“, „ცრვენა ზვეზდაში“, იტალიის „რომაში“, „სამპდორიაში“, „ლაციოში“ და „ინტერში“ გამოდიოდა. მან საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 574 მატჩი ჩაატარა და 99 გოლი გაიტანა.
მიხაილოვიჩმა იუგოსლავიის ნაკრებში 63-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. ის მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატში, სადაც იუგოსლავია 1/4-ფინალში გავიდა და ევრო 2000-ში (1/8-ფინალი) მონაწილეობდა.
მიხაილოვიჩმა გულშემატკივრებს თავი ყუმბარისებური დარტყმით და საჯარიმოების საფირმო შესრულებით დაამახსოვრა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სერბი იტალიაში „ბოლონიას“, „კატანიას“, „ფიორენტინას“, „სამპდორიას“, „მილანს“ წვრთნიდა, ხოლო პორტუგალიაში – ლისაბონის „სპორტინგს“. მისი ბოლო კლუბი „ბოლონია“ იყო, რომელიც მიმდინარე წლის 6 სექტემბერს დატოვა. იგი 2012-2013 წლებში სერბეთის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა.