მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ისევ ნახევარფინალშია

0
62

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. მანამდე, მსგავსი შედეგი „სამფეროვნებს“ 1982 წელს ესპანეთში და 1986 წელს გამართულ მუნდიალებზე ჰქონდათ, მაგრამ მაშინ ფინალში ვერ მოხვდნენ.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი 1/4-ფინალში ინგლისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა. ფრანგები მე-17 წუთზე კონტრშეტევის დროს 26 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ჩუამენიმ დააწინაურა, რომელმაც ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ინგლისელებს ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმში შეეძლოთ, როდესაც ჰარი კეინმა ტანის ერთი მოძრაობით მეტოქის საჯარიმოში უპამეკანო ჩამოიტოვა და მის მიერ გარე ტერფით შორეულ კუთხეში გაგზავნილი ბურთი უგო ლორისმა ნახტომში მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ბუკაო საკა ინგლისელთა საჯარიმოში შეიჭრა, სადაც ჩუამენიმ აკრძალული ილეთით შეაჩერა და ბრაზილიელმა მსაჯმა სამპაიომ პენალტი დანიშნა, რომელიც კეინმა გამოიყენა.
78-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ანტუან გრიზმანმა კუთხური ჩააწოდა და ოლივიე ჟირუმ თავით ინგლისელების კარი აიღო.
84-ე წუთზე ტეო ერნანდესი თავის საჯარიმოში ზურგში მეისონ მაუნტს დაეჯეხა და წააქცია, ხოლო სამპაიომ რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც ისევ კეინმა შეასრულა და ინგლისელტა კაპიტანმა ბურთი კარს დიდი მანძილით გადააცილა.
საფრანგეთი ბოლო 24 წლის განმავლობაშო პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელიც ნახევარფინალში მიჯრით მეორედ ითამაშებს.
დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 17-დან 13 თამაში მოიგო. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ გერმანიის ექსთავკაც ლეგენდარულ ჰელმუტ შიონს (16 გამარჯვება) და ბრაზილიის ყოფილ მწვრთნელ ლუიშ ფელიპე სკოლარის (14 გამარჯვება) აქვთ.
ფრანგები 14 დეკემბერს 1/2-ფინალში მაროკოს შეხვდებიან. ეს გუნდები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ და „სამფეროვნებმა“ 3-ჯერ მოიგეს, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა.
1/4-ფინალის სხვა გუნდებთან შედარებით საფრანგეთი 1/2-ფინალში ყველაზე მეტჯერ გავიდა – 7-ჯერ. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ხორვატია და არგენტინა შეხვდებიან.
გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებში 28 საგოლე პასი მიითვალა, რაც საუკეთესო შედეგია – მან ზინედინ ზიდანს (26) და ტიერი ანრის (26) აჯობა.
უგო ლორისმა საფრანგეთის ნაკრებში 143 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. მან ლილიან ტურამის (142) რეკორდი გააუმჯობეა. გარდა ამისა, ლორისი მსოფლიო ჩემპიონატებზე ნათამაშები შეხვედრების რაოდენობით ფრანგებში პირველ ადგილზე გავიდა – 18. უგომ ტიერი ანრის და ფაბიან ბარტეზს გაასწრო, რომელთა ანგარიშზე 17-17 შეხვედრაა.
ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-7 მეოთხედფინალი წააგო, რაც ყველაზე ცუდი შედეგია.
კეინმა ინგლისელთა შემადგენლობაში 53-ე გოლი გაიტანა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ უეინ რუნის გაუთანაბრდა. თუმცა, მან რუნიზე 40 მატჩით ნაკლები ჩაატარა.
კეინი 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში გოლი გაიტანა და პენალტი გააფუჭა.
ლაშა თაბაგარი