კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ბრაზილიამ როგორც იტყვიან თამაშ-თამაშით მოუგო სამხრეთ კორეას და 1/4-ფინალში ისევ გავიდა. განვლილ მატჩში ბრაზილიელებმა მოედანზე მცირე სპექტაკლი დადგეს და სწორედ ის საფეხბურთო ელემენტები აჩვენეს, რისთვისაც ეს თამაში მილიარდობით გულშემატკივრებს უყვართ.
მატჩის მე-7 წუთზე ტრავმამოშუშებულმა ნეიმარმა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა პასი ვინისიუს ჟუნიორს მისცა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გახსნა.
მე-13 წუთზე რიშარლისონმა კორეელმა მცველს, რომელიც მისსავე საჯარიმოდან ბურთი მოგერიებას ცდილობდა დაასწრო და საბოლოოდ წაააქციეს, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. ნეიმარმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. მან გოლი მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. მანამდე, იმავე ბრაზილიიდან პელემ და რონალდომ მოახერხეს.
29-ე წუთზე რიშარლისონმა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი თავით სამჯერ აკენწლა, შემდეგ პარტნიორს მისცა პასი და გაიხსნა, რასაც ტიაგო სილვას ზუსტი გადაცემა მოჰყვა, რომელიც ბრაზილიელთა ფორვარდმა შეირგო. რიშარლისონმა მიმდინარე ტურნირში თავი მესამედ გამოიჩინა. ტიაგუ სილვამ საგოლე გადაცემა 38 წლისა და 74 დღის ასაკში მიითვალა, რაც მუნდიალების რეკორდია. ბრაზილიელებმა გოლი ე.წ. “მტრედის ცეკვით” მთავარ მწვრთნელ ტიტესთან ერთად აღნიშნეს და ამ ფაქტმა კორეელი ფეხბურთელები გააღიზიანა, რაც მათ თამაშის შემდეგ განაცხადეს.
36-ე წუთზე ბრაზილიელებმა მორიგი ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ვინისიუს ჟუნიორის საუცხოო პასით და ბურთის მიწაზე დაუშვებლად პაკეტას დარტყმით დასრულდა – 4:0.
ბრაზილიამ პირველ ტაიმში 4 გოლი 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაიტანა. მაშინ, “სელესაომ” მექსიკელთა კარი შესვენებამდე 5-ჯერ აიღო.
ტიტეს გაწვრთნილ გუნდს მეორე ტაიმშიც რამდენიმე ხელსაყრელი საგოლე მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. კორეელებმა პრესტიჟის გოლი 76-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც ბრაზილიელი მცველის მოგერიებილი ბურთი პაიკმა შორის მანძილით ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დაარტყა.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მუნდიალის 1/4-ფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა. ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველია, რომელმაც განაცხადში მყოფი 26-ივე ფეხბურთელი ათამაშა.
თამაშის დასრულების შემდეგ ბრაზილიელებმა ფეხბურთის „მეფის“ პელეს მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და სან პაულუს ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ბრაზილია 9 დეკემბერს მეოთხედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.
