ინგლისის ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში 1/8-ფინალში სენეგალის ბარიერი დიდი გართულების გარეშე დაძლია და 1/4-ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირედება.
მართალია, პირველი სახიფათო მომენტი მატჩში სენეგალელებმა შექმნეს და ჯორდან პიკფორდმა ბურთი მოიგერია, მაგრამ ამის შემდეგ ინგლისელები დომინირებდნენ და აფრიკელებს 3 უპასუხო ბურთიც გაუტანეს.
38-ე წუთზე ჰარი კეინმა ძალიან კარგი პასი მისცა მარცხენა ფლანგზე გახსნილ ჯუდ ბელინგემს, რომელმაც სენეგალელთა საჯარიმოში ჯორდან ჰენდერსონი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გაიტანა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ინგლისელთა კონტშეტევა ბუკაიო საკამ დაიწყო და ფილ ფოდენმა გააგრძელა, რომელმაც ერთი შეხებით დასარტყმელ პოზიციაზე კეინი გაიყვანა, ხოლო „სამი ლომის“ კაპიტანმა ზუსტად დაარტყა და მიმდინარე მუნდიალზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
57-ე წუთზე ინგლისელებმა მორიგი კარგი კომბინაცია „დახაზეს“, რომელიც საკას პასით და ფოდენის გოლით დასრულდა. დარჩენულ დროში მეტი გოლი არ გასულა და ინგლისმა მუნდიალებზე აფრიკულ გუნდთან კიდევ არ წააგო – 5 გამარჯვება და 3 ფრე.
ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. აღსანიშნავია, რომ გარეთ საუთგეიტის გუნდი ერთადერთია, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე ყვითელი ბარათი არ მიუღია. კეინი 11 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომარდირი გახდა – გარი ლინეკერის მიღწევა 1 ბურთით გააუმჯობესა.
ინგლისი-საფრანგეთის 1/4-ფინალი 10 დეკემბერს შედგება.






