იაპონია ჯგუფში პირველია, გერმანელების ზედიზედ მეორე ფიასკო მუნდიალზე

0
42

იაპონიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა E ჯგუფის პირველ შეხვედრაში გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ დასკვნით ტურშ კიდევ ერთი სენსაცია გამოაცხო და ესპანეთს მოუგო, რის წყალობით 1/8-ფინალში პირველი ადგილით გავიდა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში იაპონელები თამაშს აგებდნენ და 3 ქულა მაინც აიღეს.
ესპანელები მე-11 წუთზე ალვარო მორატამ დააწინაურა, რომელმაც სესარ ასპილკუეტას მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული ზუსტი გადაცემა გამოიყენა და თავით გაიტანა. 48-ე წუთზე დოანმა ანგარიში გაათანაბრა. ცნობისთვის, მან გერმანიასთან გამარჯვების გოლი გაიტანა. 51-ე წუთზე ტანაკამ იაპონელები წინ გაიყვანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. იაპონიამ 6 ქულით ჯგუფი მოიგო და 1/8-ფინალში ხორვატიას შეხვდება, ხოლო 4 ქულით მეორე ადგილზე გასული ესპანეთი მაროკოს დაუპირისპირდება.
გერმანია ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა, რაც მანამდე ბუნდესნაკრებს არასოდეს მოსვლია. გერმანელებმა კოსტა რიკა 4:2 დაამარცხეს, მაგრამ ესპანეთს გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩნენ დ 4 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ. ესპანეთმა 2010 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 3 თამაში მოიგო – მაშინ „ფურია როხამ“ სამხრეთ აფრიკაში ოქროს მედლები მოიპოვა.
გერმანელები კოსტა რიკასთან მატჩში გნაბრიმ მე-10 წუთზე წინ გაიყვანა, ხოლო ტეხედამ 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე ნოიერმა ავტოგოლი მიითვალა. 73-ე წუთზე ჰავერცმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. მან 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა, საბოლოო წერტილი კი, ფულკრუგმა 89-ე წუთზე დასვა. 36 წლის მანუელ ნოიერმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 მატჩი ჩაატარა, რაც მეკარეეებს შორის რეკორდია.
განვლილ შეხვედრაში მთავარი მსაჯი ფრანგი სტეფან ფრაპარი იყო. ის პირველი ქალი არბიტრია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარ არბიტრად დანიშნეს.
ფრანგი მსაჯი 2011 წლიდან ემსახურებოდა ლიგა ნაციონალის (მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო დივიზიონი საფრანგეთში) მატჩებს. 2014 წელს ფრაპარტი გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელმაც განსაჯა საფრანგეთის ლიგა 2-ის მატჩი, 2015 წელს კი მოემსახურა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც კანადაში გაიმართა.
2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში ქალთა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი ჩაატარა: კანადა – ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა – ბრაზილია. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-სა და ნიდერლანდების ფინალი (2:0) განსაჯა.
2019 წლის აპრილში გამოცხადდა, რომ ფრაპარტი გახდება პირველი ქალი მსაჯი საფრანგეთის მთავარ ლიგაში (ლიგა 1). 28 აპრილს ლიგა 1-ში მისი დებიუტი შედგა 34-ე ტურის მატჩში ამიენი – სტრასბურგი (0:0), რომელშიც მან ფეხბურთელებს ოთხი გაფრთხილება აჩვენა. 2019 წლის 2 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასის 2019 წლის მატჩის მთავარ მსაჯად დაინიშნა.
2020 წლის 2 დეკემბერს ის გახდა პირველი ქალი, რომელიც მუშაობდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩის მთავარ მსაჯად (ემსახურებოდა „იუვენტუსისა“ და კიევის „დინამოს“ თამაშს). 2021 წლის 27 მარტს გახდა პირველი ქალი მთავარი არბიტრი კაცთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც განსაჯა 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ნიდერლანდებსა და ლატვიას შორის.
2021 წლის 21 აპრილს უეფა-მ გამოაცხადა, რომ სტეფანი იქნებოდა მეოთხე მსაჯი 2020 წლის ევროპის მამაკაცთა ჩემპიონატის მატჩებზე და ამით გახდა პირველი ქალი, რომელიც შეუერთდა ევროპის ჩემპიონატზე მივლენილ მსაჯთა გუნდს. ტოკიოში, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასევე ემსახურებოდა ქალთა საფეხბურთო ტურნირს, იყო მთავარი მსაჯი ჯგუფური ეტაპის მატჩზე ახალი ზელანდია – აშშ, ასევე მეოთხედფინალში – კანადა – ბრაზილიის შეხვედრაზე.​ ფიფა-მ კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 36 მსაჯი 2022 წლის მაისში შეარჩია (მათ შორის ქალი სულ სამია).