ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში საუცხოო სტარტი აიღო. E ჯგუფის პირველ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი კოსტა რიკას შეხვდა და 5 უპასუხო ბურთი გაუტნა. შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, როდესაც დანი ოლმომ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ორიგინალურად დაამუშავა და კარში გადაგზავნა – 1:0. 21-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ხორდი ალბას პასის მერე კოსტა რიკელთა საჯრიმოში მყოფმა მარკო ასენსიომ ერთი შეხებით გაიტანა – 2:0. 31-ე წუთზე დუარტემ თავის საჯარიმოში ხორდი ალბა წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ფერან ტორესმა გაიტანა. 54-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ ფერან ტორესმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთი თითქოს დაკარგა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და ახლო მანძილიდან დუბლი მიითვალა.
74-ე წუთზე ალვარო მორატას გადაცემის შემდეგ, გავიმ ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა – 5:0. ის 18 წლის და 110 დღის ასაკში ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მუნდიალზე მეტოქის კარი აიღო. გარდა ამისა, გავი ლეგენდარული პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გოლი მიითვალა. ბრაზილიელმა „ფეხბურთის მეგემ“ 17 წლის და 249 დღის ასაკში 1958 წელს ჩატარებულ მუნდიალზე ფინალში შვედებთან დუბლი შეასრულა. ამასთანავე, გავი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო პირველობაზე და ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.
90-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ესპანელი მოთამაშის ჩაწოდებული ბურთი კეილორ ნავასმა ცუდად მოიგერია და კართან ახლოს მდგომმა კარლოს სოლერმა ზუსტად დაარტყა – 6:0. ასეთი ანგარიშის მიუხედავად, მსაჯმა ძირითად დროს 8 წუთი დაამატა. 92-ე წუთზე ალვარო მორატამ კარგად გაითამაშა ბურთი დანი ოლმოსთან და საჯარიმოში შესულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ესპანეთის ნაკრებს არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩი ასეთი სხვაობოთ არასოდეს მოუგია.





