„საბურთალომ“ ზედიზედ მესამედ წააგო, „დილა“ ოთხეულშია

0
56

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალში მეოთხელიგელ „ლოკომოტივი 2“-თან პენალტების სერიაში გავარდნის შემდეგ, სჩანს „საბურთალო“ შოკიდან ვერ გამოვიდა და ამჯერად შინ გორის „დილასთან“ წააგო. თემურ შალამბერიძის შეგირდებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგეს.
განვლილ შეხვედრაში სტუმართა მთავარი მწვრთნელის მოვალეობა რამაზ სოღოლაშვილმა შეასრულა, რადგან უკრაინელი ანდრეი დემჩენკო დისკვალიფიცირებულია.
მატჩის მე-7 წუთზე გორელთა ჩაწოდების შემდეგ „საბურთალოს“ მეკარე ბექა ქურდაძე გამოსვლაზე უხეშად შეხცდა და ბარბადოსელმა ტიერი გეილიმ ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-16 წუთზე სოღოლაშვილმა მეკარე დანილო კანევცევი შეცვალა, რომელმაც გურამ გოშთე;ლიანთან ორთაბრძოლის დროს ფეხი ცუდად დადგა და ტრავმა მიიღო. მისი ადგილი დემეტრე ბულისკერიამ დაიკავა.
მე-17 წუთზე „დილას“ ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ქურდაძე ისევ ცუდად გამოვიდა და მის მიერ მუშტებით მოგერიებულ ბურთს თორნიკე ძოწენიძემ ერთი შეხებით კარში ადგილი მიუჩინა – 0:2.
მატჩის მიწურულს გეილის კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
„დილამ“ 52 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „საბურთალო“ 44 ქულით მე-6 პოზიციაზეა და ძალიან საეჭვოა, რომ ევროთასების საგზური მოიპოვოს.