კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის 33-ე ტურში წყალტუბოში იმერული დერბი გაიმართა, რომელშიც ადგილობროვმა „სამგურალმა“ და ქუთაისის „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს – 2:2.
მატჩის მე-17 წუთზე ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ძლიერად შეასრულა და ლამაზი გოლი გაიტანა -0:1. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მასპინძლების მეკარე ლევან შოვნაძემაც არასაიმედოდ ითამაშა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში, სადაც გიორგი ნიქაბაძემ ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა და მეორეთი ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
59-ე წუთზე ირაკლი რუხაძის გადაცემის შემდეგ, „ტორპედოს“ კარისკენ ზურგით მდგომმა ნიქაბაძემ კორპუსი კარგად ჩაუდგა პორტუგალიელ მცველ პედრო მონტეიროს და შემოტრიალებით ზუსტად დაარტყა – 1:2.
68-ე წუთზე მასპინძლების მცველი დავით მაისაშვილი ქუთაისელთა თავდამსხმელ თორნიკე ახვლედიანს შეეჯახა და მოედანზე დაცემის შემდეგ მცირე ხნით გონით დაკარგა. საბედნიეროდ, ის სერიოზულად არ დაშავდა, მაგრამ მაინც შეცვალეს. 86-ე წუთზე მაისაშვილისს ნაცვლად შესული ლევან ქურდაძე თავის საჯარიმოში ბურთის მოგერიებას ეცადა და ფეხი თორნიკე ახვლედიანს ჩაარტყა. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც მათე ცინცაძემ გოლად გარდასახა – 2:2. 96-ე წუთზე ლუქმან გილმორის საუცხოო გადაცემის შემდედ მასპინძლების რუსმა ლეგიონერმა ნიკიტა სიმდიაკინი როინ კვასხვაძესთან პირისპირ დარჩა და მის მიერ ძალიან ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ მოიგერია.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „სამგურალი“ 53 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის „ტორპედო“ 50 ქულით მეოთხეა.
თბილისის „დინამო“ ერთდღიანი პაუზის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები სტუმრად „ლოკომოტივს“ შეხვდნენ და 2:0 გაიმარჯვეს. საგურამოში ჩატარებული შეხვედრის მე-5 წუთზე ანგარიში ანზორ მექვაბიშვილმა გახსნა, რომელმაც გვინეელი უსმანე კამარას პასის შემდეგ დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 0:1.
მე-80 წუთზე ლაშა ოდიშარიამ ბურთი გაბრიელ სიგუასთან გაითამაშა და ერთი შეხებით „ლოკოს“ საჯარიმოს მისადგომებიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა – 0:2.
„დინამო“ გათამაშებას 75 ქულით ლიდერობს, ხოლო გიორგი მინაშვილის გაწვრთნილ „ლოკომოტივს“, რომელიც ლიგიდან უკვე გავარდნილია 8 ქულა აქვს.






