თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით თბილისის „საბურთალოს“ წაუგებელი სერია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ბათუმის „დინამოსთან“ საინაო შეხვედრაში შეწყდა.
„საბურთალო“ რუსთავში გამართულ მატჩს ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოო სამი ქულა გია გეგუჩაძის გაწვრთნილებს დარჩათ.
მატჩის მე-4 წუთზე თბილისელთა კონტრშეტევის დროს გიორგი ჯინჯოლავამ კარგი პასი მისცა იური ტაბატაძეს, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
მე-11 წუთზე თავის ნახევარზე მყოფმა ბაქარ ქარდავამ პარტნიორს ბურთი ისე ცუდად დაუბრუნა, რომ მეკარესთან პირისპირ გიორგი ფანცულაია გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
52-ე წუთზე, მასპინძელთა ფეხბურთელმა საკმაოდ შორი მანძილიდან მარჯვენა მახვილი კუთიდან ბათუმელთა კარში დაარტყა და მიხეილ ალავიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო გურამ გოშთელიანს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია – 2:1.
56-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა მარჯვენა ფლანგიდან თბილისელთა საჯარიმოში ჩააწოდა და კარიდან გამოსული თორნიკე მეგრელიშვილი ბურთს კი დაეუფლა, მაგრამ ხელებში ვერ შეიმაგრა, მასთან ახლო მყოფი ბრაზილიელი ჯოვანი ფლამარიონის გადაცემის შემდეგ კი, ფანცულაიამ დუბლი შეასრულა – 2:2.
62-ე წუთზე ჯინჯოლავამ თავის საჯარიმოში სანდრო ალთუნაშვილი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოყენა – 2:3.
77-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
90-ე წუთზე, ირაკლი ბიძინაშვილმა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მას შემდეგ რაც გიორგი ჯგერენაიას გაცდა, პასი მათე ვაწაძეს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:4.
ბათუმის „დინამოს“ 67 ქულა აქვს და ვიდრე ხვალ თბილისის „დინამო“ გორში „დილას“ შეხვდება, პირველ ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ 44 ქულით მეექვსეა.





