საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ცნობილია. ბუქარესტში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. წილისყრის შედეგები შეაფასა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ:
“ძლიერი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ჯგუფია. მოგვიწევს დაპირისპირება ტოპ ნაკრებებთან. ამ ასაკში, ტრადიციულად, ყველა გუნდი გამორჩეულია. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ზეიმი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, მთლიანად ჩვენი გუნდისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან, წარმატებით ვიასპარეზოთ პირველ რიგში ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე“.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით რუმინეთის ორ და საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.





