გიორგი წიტაიშვილმა პოლონეთის “ლეხის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ექსტრაკლასას მე-12 ტურში პოზნანელებმა “რადომიაკს” უმასპინძლეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის წყალობით 1:0 გაიმარჯვეს.
წიტაიშვილი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე სოუსასგან პასი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, რის შემდეგ, “რადომიაკის” ერთი მცველი ჩამოიცილა და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი “ლეხი” 18 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.





