ვილი სანიოლი: “თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია”

0
33

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. 53 ევროპული ნაკრები ათ ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს.
ევროპის ჩემპინატის საკვალიფიკაციო ეტაპი | A ჯგუფი

  • ესპანეთი
  • შოტლანდია
  • ნორვეგია
  • საქართველო
  • კვიპროსი

წილისყრის შედეგები სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება.
ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ჩვენი ჯგუფის ოთხივე მეტოქე არ არის ბედნიერი საქართველოს წინააღმდეგ თამაშით და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც ნორვეგიაზე ფიქრობ, ერლინგ ჰოლანდი გახსენდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კაპიტანი ძალიან ბედნიერია, რადგან მის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჩვენი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დიდი გუნდების, ისე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში.
შოტლანდიაში ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროა და ეს გამორჩეული მატჩი იქნება, ხოლო კვიპროსის და თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია”.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “საკმაოდ საინტერესოა ჯგუფია, რომელსაც ესპანეთის სახით ფავორიტი ჰყავს. ეს ცხადია ყველასთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს – შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი. ამ გუნდებთან და მათ შორის, ესპანეთთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. მთლიანობაში, ყველა გუნდთან შეიძლება ქულების აღება, თამაშის მოგება. ჩვენ გუნდს აუცილებლად ექნება შანსი, რომ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც არის ჩვენი სურვილი და ოცნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მინდა, ჩვენ გუნდს და სამწვრთნელო შტაბს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ნაკრების წარმატებული სვლა გაგრძელდება და წარმატებას ერთად მივაღწევთ”.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ს ვიცეპრეზიდენტი): “ძალიან საინტერესო ჯგუფია. ესპანეთი ფავორიტი და უდავოდ საუკეთესო გუნდია ჩვენს ჯგუფში. ვფიქრობ, რომ ყველა გუნდთან შეიძლება სახლში თამაში და გამარჯვების მოპოვება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი შესაძლებლობების ჩვენება რომ საშინაო თამაშებში გამარჯვებას მივაღწიოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივარი ძალიან საინტერესო და კარგ თამაშს ნახავს ჩვენი ნაკრების მონაწილეობით”.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე ევრო 2024-ის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს. ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მიიღებენ.უეფას ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გასული 12 ნაკრებიდან, სამი ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. გერმანიის ნაკრებს ევრო 2024-ის საგზური მასპინძლის სტატუსით უკვე მოპოვებული აქვს.