გიორგი ჩაკვეტაძემ ბრატისლავას „სლოვანში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
კონფერენს ლიგის H ჯგუფის მე-3 ტურში ბრატისლაველებმა სტუმრად ლიდერ „ბაზელს“ შეხვდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
35-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან გიორგი ჩაკვეტაძემ უზუსტესი პასით მეტოქის კარის წინ მყოფი პაუშეკი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სოლო რეიდის დროს სამ მეტოქეს გაცდა და პასი მასპინძელთა საჯარიმოში ჩავრიჩს გაუკეთა, რომელმაც შვეიცარიელების კარი მეორედ აიღო.
ჩაკვეტაძემ 59-ე წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „სლოვანში“ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ.
“სლოვანი” 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. “ბაზელი” 6 ქულით პირველია. ამდენივე ქულა აქვს “პიუნიკს”, რომელმაც მე-3 ტურში შინ “ჟალგირისი” 2:0 დაამარცხა.





