
17 წლიანი პაუზის შემდეგ, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გოლი გავიდა. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამსტერდამში „აიაქსს“ გაუტანა. 63-წუთზე კვარაცხელიამ ჯაკომო რასპადორისთან „კედელი“ გაითამაშა და მარჯვენა კუთხეში ბურთი ზუსტად გადაგზავნა. მანამდე „კვარამ“ თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა. ხვიჩამ გოლისთანავე შეცვლა მოითხოვა, რადგან გოლამდე ცოტა ხნით ადრე ამსტერდამელთა სერბი კაპიტანი დუშან ტადიჩი ეუხეშა და ქართველს კოჭი ატკინა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო თავი ლევან კობიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც “შალკეს” მაისურით 2005 წელს პსვ-სთან მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯერჯერობით კობიაშვილი ამ ტურნირის ისტორიაში ერთადერთი ქართველია, რომლის ანგარიშზეც ერთ მატჩში სამი გოლია.
„ნაპოლიმ“ აიაქსი“ 6:1 დაამარცხა და 9 ქულით ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. “ნაპოლი” პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საწყის 3 ტურში 10 ან მეტი გოლი გაიტანა.
ამსტერდამელებმა არსებობის ისტორიაში ევროთასებზე ერთ მატჩში 6 გოლი პირველად გაუშვეს. გარდა ამისა, 1964 წლის შემდეგ “აიაქსი” ყველა ტურნირში ჩატარებულ მატჩებში 5-ბურთიანი სხვაობით არ დამარცხებულა. მაშინ. ამსტერდამელებმა ნიდერლანდების ჩემპიონატში “ფეინოორდთან” 4:9 წააგეს.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 2 პენალტი “გამოიმუშავა”.




