საფრანგეთმა მოუგებელი სერია შეწყვიტა, მბაპე ჯორკაევს გაუთანაბრდა

0
66

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2022-2023 წლის გათამაშებაში მოუგებელი სერია შეწყვიტა.
დიდიე დეშამის გაწვრთნილმა გუნდმა A ლიგის პირველი ჯგუფის მე-5 ტურში ავსტრია მიიღო და 2:0 დაამარცხა. მასპინძლებიდან 56-ე წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე მეორე გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგებმა 2 მარცხისა და 2 ფრის შემდეგ ჯგუფში პირველი მატჩი მოიგეს. აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ მცველმა კუნდემ ტრავმა მიიღო და ამის გამო დეშამმა შეცვალა.
მბაპემ ნაკრების მაისურით 28 გოლი გაიტანა და „სამფეროვანთა“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-10 ადგილს იური ჯორკაევთან იყოფს. ჟირუმ 49-ე გოლი მიითვალა და ტიერი ანრის რეკორდამდე 2 ბურთი აშორებს. ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში გოლი გაიტანა – 35 წლის და 357 დღის.
მარკო არნაუტოვიჩმა კარიერის განმავლობაში ეროვნულ გუნდში 103-ედ ითამაშა და ანდრეას ჰერცოგს დაეწია, რომელიც მანამდე ავსტრიელთა რიგებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო. მან 33 გოლი გაიტანა.
საფრანგეთი 5 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ხოლო ლიდერი 10 ქულით ხორვატიაა, რომელმაც პარალელურად ჩატარებულ თამაშში შინ დანიას 2:1 სძლია. მასპინძლები 49-ე წუთზე სოსამ დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით დააწინაურა. 77-ე წუთზე ერიქსენმა შორი მანძილიდან ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1. 79-ე წუთზე მაიერმა საჯარიმოს გარედან კარგი დარტყმით მასპინძლებს მოაგებინა.
სკანდინავიელებს 9 ქულა აქვთ და მეორე პოზიციაზეა არიან, ავსტრია კი 4 ქულით ბოლოა.