ბლაგოია მილევსკი: “მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ”

0
25

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელის ბლაგოია მილევსკის განცხადებით, საქართველოს ნაკრებთან მატჩში ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნონ.
მან ამის შესახებ ხვალ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში თბილისში ჩასატარებელა მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც გარემარბი ეზგან ალიოსკიც დაესწრო.
ბლაგოია მილევსკი: “მე აქცენტს ყოველთვის საკუთარ გუნდზე ვაკეთებ, რათა მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ჩემთვის პირადად მთავარი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული მოთამაშეებიც გყავთ, რისი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. თუმცა, ჩემთვის მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური მოთამაშეები, ამიტომ, მეტოქესაც შესაბამისად ვსწავლობთ.
ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, როგორც წინა ევროპის ჩემპიონატის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. თუმცა, ერთა ლიგის ეს ციკლი საკმაოდ ცუდად დავიწყეთ, რადგან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით ბევრი ტრავმირებული მოთამაშის გამო.
გუნდის განახლება ახლაც მიმდინარეობს, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ამ მომენტისთვის მაინც გვაქვს ამ ჯგუფის მოგების და ჩვენს მიზნის მიღწევის შანსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იქნება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ.
საქართველო განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ადრე, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შეცდომები, რომელიც სკოპიეში დავუშვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ. იმ მატჩში წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, ყოველთვის საუკეთესო არ იმარჯვებს. ჩვენ აქ მოსაგებად ვართ”.
ეზგინ ალიოსკი: “ჩვენ ეს სტადიონი ძალიან კარგად გვახსოვს, ოცნება ავისრულეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა. ველით, რომ კარგი ატმოსფერო იქნება, თუმცა ჩვენი ფეხბურთელებისთვის დავალება არ იცვლება. სკოპიეში მარცხი ჩვენთვის მტკივნეული იყო, აქ უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია და დადებით შედეგს მივაღწიოთ“.