ვილი სანიოლის აზრით, საქართველოს ნაკრების წარმატების საუკეთესო რეცეპტი დაცვაში კარგი თამაში და ბურთის ფლობის დროს შეტევაში სწრაფი გადასვლაა. მან ამის შესახებ ხვალ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაც დაესწრო.
ვილი სანიოლი: „ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ თამაშში ვინ მიიჩნევა ფავორიტად. თუ გახსოვთ, ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ვთქვი, რომ სავარაუდოდ ფავორიტი ჩრდილოეთ მაკედონია იყო გამომდინარე მათი შედეგებიდან, თუმცა ყველაფერი სხვანაირად წარიმართა, ჯერჯერობით ძალიან წარმატებით ჩავატარეთ ჩვენი მატჩები და ხვალაც ჩვენი მიზანი დადებითი შედეგის მიღწევა და ჯგუფში პირველობაა. ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები, თუ ეს არ მოხდება.
შეუძლებელია თამაში ისე დაიწყო, რომ მიზანი ერთი ქულის აღება იყოს, ეს საბოლოო ჯამში არასდროს გამოდის და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. წარმატების საუკეთესო რეცეპტია გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც აქამდე კარგად გამოგვდიოდა – ეს არის დაცვაში კარგი თამაში და როდესაც ბურთი გვექნება, შეტევაში სწრაფად და ეფექტურად გადასვლა. თუმცა, ფეხბურთი ისეთი თამაშია, სადაც ყველაფერია შესაძლებელი, სწორედ ამიტომ წინასწარ პროგნოზს არ გავაკეთებ. თუ ისე მივუდგებით ამ თამაშს, როგორც ეს ივნისში გავაკეთეთ, სასურველ შედეგს მივაღწევთ.
ჩვენ სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ, კმაყოფილი ვარ საწვრთნელი პროცესით, 23 ფეხბურთელი გვყავს და ვეცდებით, ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უპირატესობა იმ ფეხბურთელებს მიენიჭებათ, რომელთაც კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რათა მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარონ.
რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის სასიამოვნოა, როდესაც ჩემი ფეხბურთელები მაღალ დონესა და მუდმივად თამაშობენ. 18 თვის წინ, როცა მე გუნდში მოვედი განსხვავებული სიტუაცია იყო, ახლა ყველაფერი ბევრად გამოსწორდა. თუმცა, ეს ფეხბურთელები ძირითადად ქართული კლუბების აღზრდილები არიან, ასე რომ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის საქმიანობა, რომელსაც მწვრთნელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეწევიან. ამ ყველაფრის უკან დიდი შრომაა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.
მეკარესთან დაკავშირებით ხვალ დილით მივიღებ გადაწყვეტილებას. გუნდში ჯანსაღი გარემოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოთამაშეებს უფრო თამამად თამაშის საშუალებას აძლევს. ბევრისთვის ეს ალბათ სიახლეცაა, დიდი ხანია საქართველოს ნაკრებში ასეთი კარგი გარემო და დადებითი განწყობა არ ყოფილა. ერთადერთი რისკი ისაა, რომ ფეხბურთელები შესაძლოა მოდუნდნენ და ბოლომდე არ დაიხარჯონ, მაგრამ ჩვენი, როგორც მწვრთნელების დავალებაა, ეს არ დავუშვათ, ყველა თამაში თავიდან იწყება და ამიტომ, კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება“.
გურამ კაშია: “ყოველთვის, ნებისმიერ თამაშში გუნდი წნეხის ქვეშაა, მითუმეტეს, როცა ძალიან ახლოს ხარ ჯგუფის მოგებასთან. თუმცა, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაში წნეხი არასდროს ყოფილა, პირიქით, ეს ჩვენთვის მოტივაციაა და ძალიან მახარებს გულშემატკივარი სტადიონზე რომ ბრუნდება. ბიჭები ძალიან შემართულები ვართ და არა მგონია ამ წნეხს განვიცდიდეთ.
ლოჩოშვილი პირველ რიგში კარგი პროფესიონალია, ძალიან უყვარს საკუთარ თავზე შრომა. მას კარგად ვიცნობ. ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა კარიერაში, სერია A ძალიან რთული სათამაშოა, მისი სამი თამაში ვნახე „კრემონეზეში“ და ძალიან კარგად ითამაშა. ვიტყოდი, რომ დიდი პროგრესი აქვს და იმედია, გამოცდილებას კიდევ შეიძენს და უკეთესად ითამაშებს. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, რადგან დიდი პროგრესი აქვს და ეს ძალიან კარგია ჩვენი ნაკრებისთვისაც.
აღარ გვინდა იმ თამაშის გახსენება (მაკედონიასთან ფინალი – რედ), სულ სხვა პერიოდი იყო, რთული, ქვეყნისთვის კორონავირუსიდან გამომდინარე. დღეს ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი და მინდა, რომ ის თამაში საერთოდ დავივიწყოთ და არ ვიფიქროთ. ამჟამად გუნდში ძალიან კარგი, ჯანსაღი გარემოა, ფეხბურთელების 99% თავის გუნდში თამაშობს, ყველა კარგ ფორმაშია, გვყავს ტალანტები, რომელთა იმედი ყველას გვაქვს.
ჩაკვეტაძეს კარგად არ ვიცნობდი, მხოლოდ ნაკრებში ვხედავდი, როგორ მუშაობდა. კლუბში ერთად რომ მოვხვდით, ახლოდან გავიცანი. ძალიან პროფესიონალია, სულ სავარჯიშო დარბაზშია. ხანდახან აქვს ისეთი პერიოდები, როცა ვარჯიშის დროს შეიძლება ჩანდეს, რომ თითქოს არ შრომობს, მაგრამ ჩაკვე ძალიან მშრომელი ფეხბურთელია. ფეხბურთს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, ფეხბურთით ცხოვრობს, უბრალოდ დრო სჭირდება, რომ აღიდგინოს ძველი ფორმა, აუცილებლად დაბრუნდება ძველი ჩაკვე და უკვე თამაშიდან თამაშამდე ვატყობ, რომ პროგრესირებს. იმედი მაქვს, რომ მაღალ დონეზე ითამაშებს“.
ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის ბოლოსწონა მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზეა, ქულაც ჰყოფნის ნახევარფინალში გასასვლელად და B ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.






