პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-10 ტურში თანაქალაქელი „ვარტა“ დერბიში სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე აფონსო სოუზამ გაიტანა.
„ლეხის“ სასტარტოში კვეკვესკირმა ითამაშა, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და ოთხ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო. მოქმედი ჩემპიონი „ლეხი“ 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

ლუბინის „ზაგლებიემ“ შინ პლოცკის „ვისლას“ 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ მასპინძლების სასტარტოში ითამაშა და 86-ე წუთზე შეცვალეს, ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა. „ზაგლებიე“ 13 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
კიელცეს „კორონამ“ თავის მოედანზე „გურნიკთან“ 1:2 წააგო. გარემარბმა ლუკა ზარანდიამ მასპინძლებში 66-ე წუთიდან ითამაშა. მისი გუნდი 11 ქულით მე-15 ადგილზეა.





