ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, კონფერენს ლიგის H ჯგუფის მე-2 ტურში სტუმრად „პიუნიკს“ შეხვდა და ერევნის ფაქტობრივად ცარიელ სტადიონზე 0:2 წააგო.
ბრატისლაველებში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო.
„სლოვანმა“ საერთო ჯამში ძალიან სუსტად ითამაშა და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია. არადა, მატჩის დებიუტში ჩაკვეტაძე რამდენიმე მეტოქეს გაცდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თუმცა, დარჩენილ დროში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებს სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ თუ მატჩის მიწურულს საჯარიმოს გარედან ჩაკვეტაძის დარტყმას არ ჩავთვლით, როდესაც ბურთი კარს გადაცდა. აქვე გეტყვით, რომ მეორე ტაიმში მან გოლიც გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან მანამდე ბურთი ხელში მოხვდა.
„პიუნიკმა“ ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, როცა დაშიანმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და „სლოვანის“ მეკარე ჩოვანმა როგორ იტყვიან ბურთი „იღლიის ქვეშ“ გაუშვა.
36-ე წუთზე ნიგერიელმა ოტუბანჯომ ბრატისლაველთა ნახევარზე უჩე აგბოს გვერდი ძალიან ადვილად აუარა და დაახლოებით 23-24 მეტრიდან ძლიერი დარტყმით თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა. „პიუნიკი“ სომხური ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე თამაში მოიგო.
ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, ფაქტია, რომ იმ თამაშისგან რომელსაც თავის დროზე აჩვენებდა ძალიან შორსაა. ადრინდელისგან განსხვავებით საკუთარ თავზე თამაშს იშვიათად იღებს და მისი იერიშები ნაკლებად მწვავეა. მან თამაში მარცხენა ფრთაზე დაიწყო და შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ცენტრში შეწია, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი მცირე ჰქონდა.
H ჯგუფს შვეიცარიის „ბაზელი“ ლიდერობს, რომელმაც სტუმრად ლიეტუვის „ჟალგირისს“ 1:0 აჯობა და 6 ქულა აქვს, „პიუნიკი“ 3 ქულით მეორეა, ხოლო თითო ქულის მქონე „ჟალგირისი“ და „სლოვანი“ შესაბამისად მე-3 და მე-4 პოზიციაზე არიან.




