ანჩელოტის მე-100 გამარჯვება, მოდრიჩი პუშკაშის შემდეგ მეორეა

0
22

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მადრიდის „რეალმა“ ამ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მიჯრით მეორე მატჩი მოიგო.
F ჯგუფში მადრიდელებმა გერმანიის „ლაიფციგი“ მიიღეს და 2:0 აჯობეს. ანგარიში მე-80 წუთზე ერნესტო ვალვერდემ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მეტოქის კარი მარკო ასენსიომ აიღო.
კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაში მე-100 თამაში მოიგო. მადრიდელთა იტალიელი დამრიგებელი ამ მაჩვენებლით მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსთავკაც ალექს ფერგიუსონს ჩამორჩება.
ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი უნგრელი ფერენც პუშკაშის შემდეგ „რეალის“ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე 37 წლის ან უფრო დიდ ასაკში ითამაშა. ლეგენდარული პუშკაში 1965 წელს „კილმარნოკთან“ დაპირისპირებაში მოედანზე 38 წლის და 229 დღის ასაკში გავიდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ესპანურმა გრანდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ რვავე შეხვედრა მოიგო – “რეალს” ბოლო 54 წლის მანძილზე ასეთი სტარტი პირველად აქვს.
„რეალი“ 6 ქულით ჯგუფში ლიდერია, ხოლო მეორე ადგილზე 4 ქულით დონეცკის „შახტარია“, რომელმაც „სელტიკს“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უმასპინძლა და ქულა აიღო – 1:1. „სელტიკი“ ერთი ქულით ბოლოა.