ჩემპიონთა ლიგი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ გასვლაზე ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. მატჩის 24-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ჩერიმ გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე ლიონელ მესიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 69-ე წუთზე პარიზელები კილიან მბაპემ დააწინაურა, 88-ე წუთზე კი წერტილი ნეიმარმა დასვა.
მესიმ ჩემპიონთა ლიგაში გოლი 39 გუნდს გაუტანა და ამ მაჩვენებლით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს გაასწრო, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 38 გუნდის კარი აიღო.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პირველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში მეტოქეები ზედიზედ 18 სეზონში დაამწუხრა, ქარიმ ბენზემამ („რეალი“) იმავე 17 სეზონში მოახერხა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ – 16-ში.
მბაპემ პსჟ-ს მაისურით თავის ანგარიშიზე 30-ე გოლი ჩაიწერა და გუნდის ექსთავდამსხმელის ურუგვაელი ედინსონ კავანის მიღწევა გაიმეორა.
H ჯგუფის მეორე მატჩში ტურინის „იუვენტუსმა“ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მე-4 წუთზე მილიკის გოლით დაწინაურდა, მაინც უქულოდ დარჩა. „ბენფიკადან“ ანგარიში 43-ე წუთზე პენალტიდან ჟოაო მარიუმ გაათანაბრა, ხოლო 55-ე წუთზე დავიდ ნერესმა მასპინძლების კარი მეორედ აიღო.
„იუვენტუსმა“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში საწყისი 2 ტურის მატჩი წააგო. მიმდინარე სეზონში ტურინელებმა ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგეს. მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებული 8 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ გაიმარჯვა.
პსჟ 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო „ბენფიკა“ ამდენივე ქულით მეორეა. უქულო „იუვენტუსი“ და „მაქაბი“ შესაბამისად მე-3 და მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.





