ჩააგდეს: სხვებმა ქულები, ქართველებმა – ევრობასკეტი

0
54

დიახ, რაც უნდა სამწუხარო იყოს, საქართველოს ნაკრებმა ცუდი შედეგით დაასრულა თავის მოედანზე გამართული ევრობასკეტი. მაგრამ, თუკი სათაური მაინც მეტისმეტად კრიტიკული გგონიათ, ჯერ ჩვენი გუნდის თამაშების სტატისტიკას, მერე, A ჯგუფის საბოლოო ცხრილს გადახედეთ და გაგახსენდებათ – ვინ რა ჩააგდო.
აქვე, დავაზუსტებ: „ჩაგდება“ ეხება მხოლოდ ჩვენს ნაკრებს, რომელმაც მართლაც არადამაჯერებლად ითამაშა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება უშუალოდ ევრობასკეტს, კონტინენტის მთავარი საკალათბურთო ტურნირის მატჩების თბილისში გამართვა ცალსახად დადებითი ამბავია. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ფინანსური სარგებელიც მოაქვს (ყოველ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში ასეა), ინფრასტრუქტურის განვითარებაც და კონკრეტული სახეობის პოპულარობის ზრდაც. საკუთარი ქომაგის წინაშე შეგვეძლო (ვალდებულიც ვიყავით!) პლეი-ოფის საგზური მოგვეპოვებინა, მაგრამ… სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. მეტიც, ექვსგუნდიან ქვეჯგუფში, საიდანაც, შემდეგ ეტაპზე ოთხი ნაკრები გადიოდა, ბოლო ადგილი დაიკავა…
Bring The Noise! (სიტყვა-სიტყვით – „მოიტანე ხმაური“, – ინგლ.) – ევროპის ჩემპიონატის დევიზია. სამწუხაროდ, ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენებმა თამაშმა, იმედგაცრუების მეტი არაფერი მოგვიტანა.
წარუმატებლობის მიზეზები? რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: შეცდომები ევრობასკეტისთვის მზადებისა თუ მსვლელობისას, გუნდის ლიდერების ტრავმები, „მოკლე“ სათადარიგო სკამი, მწვრთნელ(ებ)ისა თუ ცალკეული მოთამაშეების არასწორი გადაწყვეტილებები და სხვა.
მზადების პროცესში ზედიზედ ექვსი საკონტროლო თამაში რომ წავაგეთ, საქმეს მაშინვე შეეტყო, რომ ასეთი თამაშით, ევროპის ჩემპიონატზე ძალიან გაგვიჭირდებოდა. შენგელიას და ბითაძის ტრავმებმა კი საქართველოს ნაკრების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. გოგა ბითაძე, რომელიც ნაკრებს ამხანაგურ მატჩებშიც აკლდა, ევრობასკეტის პირველივე შეხევედრაში დაშავდა. საბედნიეროდ, ტრავმა საშუალო სიმძიმის გამოდგა და „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა ცენტრმა მომდევნო მატჩებში მაინც მოახერხა მოედანზე გასვლა, თუმცა, ნატკენი კოჭი პერიოდულად ახსენებდა თავს და სრულფასოვნად დატვირთვაში ხელს უშლიდა.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, კაპიტნის და ლიდერის გამოკლებამ უდიდესი (მათ შორის – ფსიქოლოგიური!) დარტყმა მიაყენა საქართველოს ნაკრებს. თორნიკე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ნიდერლანდებთან საკვალიფიკაციო მატჩისას დაშავდა და მისმა ტრავმამ მთლიანად არია ჩვენი გუნდის თამაშიცა და გეგმებიც… შენგელიას არყოფნაში, თამაშის თავის თავზე აღებას მამუკელაშვილი ცდილობდა. მატჩების უმეტესობაში, თანაგუნდელთაგან საუკეთესოც იყო და ეფექტიანი და შედეგიანი ქმედებითაც არაერთხელ გაგვახარა, მაგრამ წარმატებისთვის არც სანდროს ბრძოლა გამოდგა საკმარისი და არც ჩვენი სხვა კალათბურთელების ცალკეული გამონათებები… ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს შეეძლო (ვალდებულიც იყო!) ჯგუფიდან გასულიყო, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვა (არადამაჯერებელი თამაში დაცვაში, ბურთის ხშირი დაკარგვა, უმეტეს შემთხვევაში წაგებული საკუთარი ფარი და სხვ.), აღარ გვიკვირს, ხუთიდან მხოლოდ ერთი მატჩი რომ მოვიგეთ და სატურნირო ცხრილის ფსკერზე აღმოვჩნდით.
ის ერთადერთი მოგებაც (თურქეთთან, დამატებით დროში მოპოვებული დრამატული გამარჯვება), უმთავრესად, თავდაუზოგავი ბრძოლისა და მონდომების დამსახურებაა. ისევე, როგორც სხვა მატჩებში ნანახი პერიოდული გამონათებები. თორემ ვაღიაროთ – თამაშით ხუთივე მეტოქემ გვაჯობა! არც გვიკვირს: როცა გუნდს ძირითადი ხუთეულის სრულფასოვანი შემცვლელები არ ჰყავს, რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი?! საკმარისია, საქართველოს ნაკრების მატჩების სტატისტიკა ნახოთ და ამაში თავადაც დარწმინდებით – მოპოვებული ქულების 90% 5-6 კალათბურთელის ანგარიშზეა და ამ მაჩვენებლით, კატასტროფულად ჩამოვრჩებით სხვა გუნდების სათადარიგო მოთამაშეების შედეგებს.
როცა შეცდომებზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენს ფარზე დაკარგული ბურთებიც: დროის უმეტეს მონაკვეთში, საქართველოს ნაკრები სამი „მაღლით“ (ბითაძე, შერმადინი, მამუკელაშვილი) თამაშობდა და ერთი შეხედვით, სოლიდური უპირატესობაც უნდა ჰქონოდა ფარქვეშ. სამწუხაროდ, საკუთარ ფარზე იმდენი ბურთი მოგვიხსნეს (მაგალითად, მონტენეგრომ ჩვენს ფარზე 15 ბურთი მოხსნა!), რაღა გასაკვირია, ყველა მეტოქემ ჩვენზე მეტი ქულა რომ ჩააგდო?!
საერთოდაც, დაცვაში ჩვენი შეცდომები განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო: „პერიმეტრის“ ამოკეტვა თითქმის ვერცერთ შეხვედრაში მოვახერხეთ, მოწინააღმდეგე გუნდების მსროლელებს ხშირად ვუტოვებდით სივრცეს (თვითონ, ამას იშვიათად ვახერხებდით და უმეტესწილად, ტანმაღალი მოთამაშეების იმედად, სამწამიანში ვცდილობდით ქულების მოხვეჭას) და შორიდან „დაბომბვის“ შანსს. ბულგარეთის ნაკრებმა სულაც სარეკორდო – 19 სამქულიანი (!) ჩაგვიგდო!
მეტს ველოდით შერმადინისგან, რომელსაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა ესპანეთში. სამწუხაროდ, გიორგიმ ვერ ითამაშა ჩვეულად შედეგიანად. ამის მიზეზი შენგელიას არყოფნაც არის (ამაზე თვითონ გიორგიმ ილაპარაკა) და როგორც ჩანს – ფიზიკური კონდიციაც. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ შერმადინი კი არა, ევრობასკეტს საქართველოს მთელი ნაკრები „გადამწვარი“ შეხვდა – როგორც ფიზიკურად, ისე, მენტალური თვალსაზრისით. გასაგებია, რომ ჩვენთვის ისტორიული ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, კაპიტნის და ლიდერის გამოკლებამ გუნდზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ ბოლომდე მაინც გაუგებარია – რა საჭირო იყო ევრობასკეტის წინ ამდენი საკონტროლო მატჩის გამართვა და რაც მთავარია – ძირითადი ხუთეული მოთამაშეების დატვირთვა? მაინც ყველა ამხანაგური მატჩი წავაგეთ და ნაკრების ლიდერებს რაღას ვერჩოდით?!
რასაც ჩვენს გუნდს ვერ დავუკარგავთ, თავდაუზოგავი ბრძოლა და მონდომებაა. ოღონდ, თანამედროვე კალათბურთში მხოლოდ ამის ხარჯზე სტაბილური წარმატების მიღწევა შეუძლებელია. აუცილებელია თანაბრად დაბალანსებული შემადგენლობა, რომ მონდომებას შესაბამისმა კლასმაც აუწყოს ფეხი… სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მეტად მტკივნეულად მიდის და ასაკობრივი ნაკრებებში არსებული მდგომარეობის ფონზე, ამ მხრივ, არც გვაქვს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი…
და ზუროსი? საქართველოს ნაკრების სათავეში გატარებული წლების განმავლობაში, ბერძენმა სპეციალისტმა, ჩვენგან არაერთხელ დაიმსახურა მადლობა. თუმცა, ამჯერად, საქებარ სიტყვებს ვერც მისთვის გავიმეტებთ: ჩვეულად (ეპიზოდებში – ზედმეტადაც!) ემოციური იყო, გამარჯვება მასაც ძალიან უნდოდა, მაგრამ… სამწუხაროდ, ამ ევრობასკეტზე, მისგან მხოლოდ ემოცია დავინახეთ… არადა, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით სათამაშოდ მხოლოდ ემოცია არ კმარა. მეტიც, პრაგმატულობა, ცივი გუნება და სწორი გადაწყვეტილებებია აუცილებელი.
ზუროსისგან კი, თამაშში გარდატეხის მომტანი ცვლილებები ერთხელაც ვერ ვნახეთ…
ბულგარეთთან წაგების შემდეგ თქვა – დღეს კალათბურთი არ გვითამაშიაო. ბოდიში ჩერნოგორიასთან გადამწყვეტი შეხვედრის წაგების შემდეგაც მოიხადა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე ალაპარაკდა: თავი უნდა ავწიოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთო.
ცხადია, ჩვენც კარგად ვიცით, რომ მწვრთნელი მოედანზე ვერ გავა და დავალებებს კალათბურთელების ნაცვლად ვერ შეასრულებს, მაგრამ ჩაგდებული ევრობასკეტის შემდეგ, თავისი წილი პასუხისმგებლობა სამწვრთნელო შტაბმაც უნდა აიღოს და – კალათბურთის ფედერაციამაც.
საქართველომ პირველად უმასპინძლა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩებს (საბჭოეთის დროს თბილისში გამართული თამაშები არ ითვლება). ასეთი მასშტაბის ტურნირის მიღება დიდი წარმატებაც არის და პასუხისმგებლობაც. საორგანიზაციო თვალსაზრისითა და საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრებით (ქართველ ქომაგს დიდი მადლობა საყვარელი ნაკრების მხურვალე ქომაგობისთვის!) კმაყოფილი უნდა ვიყოთ. აი, ჩვენი გუნდის თამაშისა და შედეგის კი რა მოგახსენოთ…
ბრძოლა, მონდომება, მაგრამ… ამავე დროს – ბევრი შეცდომა, წაგებული ფარი და ქაოტური თამაში კომბინაციების გარეშე – აი, რა გვახსენდება საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკისას. ემოციის და ბრძოლის ხარჯზე მოგებული ეპიზოდები და მხოლოდ ერთი მატჩი, რომელიც პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
და რატომღაც, მაინც ატამანი გამახსენდა. თურქეთის ნაკრების მთავრი მწვრთნელი ერგინ ატამანი. რომელიც საქართველო-თურქეთის დრამატული და სკანდალური მატჩის ერთ-ერთი მთავარი „გმირი“ გახლდათ. ერთადერთი მატჩი სწორედ პრინციპულ მეტოქე თურქეთს მოვუგეთ მაგრამ… „კარის მეზობლები“ ბერლინში გაემგზავრნენ. ჩვენ – თბილისში (ჩ)ავრჩით.
თურქებს ატამანი მაინც ჰყავდათ. ჩვენ კი… კაპიტანიც გამოგვაკლდა და ვერც მისი სრულფასოვნად შეცვლა და ვერც – ატამანობა გასწია რომელიმემ.
ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ბერლინში გასამართ პლეი-ოფში სლოვენიის ნაკრებთან მოგვიწევდა თამაში. დიდი ალბათობით, წავაგებდით კიდეც, მაგრამ… ცუდი ის არის, რომ ვერასდროს გავიგებთ რა იქნებოდა, სლოვენიასთან რომ გვეთამაშა. ვერ გავიგებთ მარტივი მიზეზის გამო: საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საქართველოში ჩარჩა. რომელი ბერლინი, რა სლოვენია?!
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები თბილისს ვერ გასცდა. მიმდინარე ევრობასკეტის A ჯგუფში, რომლის მატჩებსაც თბილისმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა წააგო ხუთიდან ოთხი მატჩი და ბოლო ადგილზე გავიდა.
ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევია მატჩებია…

რატი შელეგია