ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილმა მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა, რომელსაც ხავი ხელმძღვანელობს და C ჯგუფში ზედიზედ მეორედ მოიგო.
„ალიანც არენაზე“ გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. არადა, მიუნხენელთა ექსფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის გოლის გატანა ორჯერ შეეძლო – ჯერ მეკარესთან მარტო დარჩენილმა ააცილა, ხოლო შემდეგ ახლო მანძილიდან მისი თავური დარტყმა ნოიერმა გაანეიტრალა. გარდა ამისა, თავის გამოჩენის შანსი პედრისაც ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მასპინძლების მეკარემ ფეხით მოიგერია.
50-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან კიმიხმა კუთხური ჩააწოდა და სტუმართა დაცვის ხაზის შეცდომის შემდეგ ლუკა ერნანდესმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
54-ე წუთზე კატალონიელთა დაცვა ისევ ჩავარდა და მუსიალას გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ლეროი სანემ მეტოქის კარი აიღო – 2:0. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნმა“ „ბარსელონა“ ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა – 19 გოლი გაუტანა და 4 გაუშვა. ბოლოს „ბარსელონა“ ბავარიელებს ჩემპიონთა ლიგაში 2015 წლის 3 მაისს მოუგო, როდესაც ნახევარფინალში 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. მიმდინარე სეზონში კატალონიელებმა ყველა ტურნირში პირვლი თამაში წააგეს.
„ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2017 წლის შემდეგ მიჯრით 30 მატჩია არ წაუგია – 27 გამარჯვება და 3 ფრე. ბოლოს „ბაიენს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პსჟ-მ აჯობა.
“ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაში 159-ე მატჩი მოიგო და “ბარსელონას” (158) გაასწრო. ამ ტურნირზე ყველაზე მეტჯერ მადრიდის “რეალმა” გაიმარჯვა – 174.
C ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთის პლზენის „ვიქტორიამ“ შინ მილანის „ინტერთან“ 0:2 წააგო. სტუმრები მე-20 წუთზე ჯეკომ დააწინაურა, ხოლო 70-ეზე დუმფრისმა მეორე გოლი გაიტანა.
“ბაიერნი” 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, “ბარსელონა” 3 ქულით მეორეა, ამდენივე ქულით “ინტერი” მესამეა, ხოლო უქულო “ვიქტორია” ბოლოა.





