კვეკვესკირს მცირე დრო აკმარეს, წიტაიშვილი არ ათამაშეს

0
13

პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ სამი მატჩის მოგების შემდეგ, მე-9 ტურში მხოლოდ ქულა აიღო.
პოზნანელები სტუმრად სატურნირ ცხრილში მე-2 პოზიციაზე მყოფ „პოგონს“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას იგებდნენ, საბოლოოდ გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 2:2.
სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთი ქართველი მოხვდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გარემარბ გიორგი წიტაიშვილის სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აკმარეს.
მასპინძლები მე-8 წუთზე დაწინაურნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-20 წუთზე გაიტანეს. „ლეხმა“ 48-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო, მაგრამ უპრატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე დრუგასმა ავტოგოლი მიითვალა.
„ლეხს“ 11 ქულა აქვს და 18 გუნდს შორის მე-10 ადგილზეა.