„დინამო“ „სამგურალთან“ მოუგებელი სერია შეწყვიტა – გამარჯვება ლეგენდარულ ბასას მიუძღვნეს

0
22

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც თბილისის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და ზედიზედ 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, სამი ქულა აიღო.
განვლილი შეხვედრა დინამოელთა ლეგენდარულ კაპიტან ბასა ღოღობერიძეს მიეძღვნა, რომელსაც დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთნ დაკავშირებით „დინამოს“ ამჟამინდელმა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ღოღობერიძის ოჯახის წევრებს სამახსოვრო მაისური გადასცა, რომელზეც ციფრია 100-ია გამოსახული.

ასევე, კუთვნილი მაისური მიიღო „დინამოს“ თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ, რომელმაც 25-ე ტურში კარიერის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატში თავისი მე-100 გოლი გაიტანა. მას „სამგურალთან“ არ უთამაშია.
მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გულზე ოპერაცია გაიკეთა. ასევე, დინამოელებმა თანადგომა მეკარე დავით კერესელიძეს გამოუცხადეს, რომელიც წინა ტურში „თელავთან“ მატჩში დაშავდა და 21 სექტემბერს ჯვარედინ მყესებზე ოპერაციას გაიკეთებს.

თამაშს საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ფრანგი ვილი სანიოლი დაესწრო ასისტენტ ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად, რომლებმაც სტადიონი ნაადრევად დატოვეს.
მასპინძლებმა დაპირისპირების ბედი პრქტიკულად პირველ წუთებში გადაწყვიტეს. მე-6 წუთზე ბარნს ოსეიმ დაახლოებით 23-24 მეტრიდან დაარტყა და ანგარიში გახსნა – ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარე ლევან შოვნაძეს უკეთესად თამაში მართებდა. გატანილი გოლიდან ერთ წუთში თორნიკე კირკიტაძე პასს თანაგუნდელს აძლევდა, მაგრამ წყალტუბოელთა ნახევარმცველ მიხეილ ბაშალეიშვილს ფეხიდან ბურთი ისევ მას მიუვიდა და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ერთი შეხებით შორელუ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
მეორე ტაიმის განახლებიდან 10 წუთში ანრი მექვაბიშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, 59-ე წუთზე წყალტუბოელთა შეტევის დროს ნიკა კალანდარიშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და დინამოელთა კარის შორეულ ძელთან მყოფმა ჯეფერსონ ჯერალდომ ვარდნაში ბურთი ზედა ძელს მოახვედრა.
მეორე ტაიმის შუაწელში თბილისელების კონტშეტევა ნიკა მალიმ დაიწყო, რომელმაც საკმაოდ დიდი მანძილი ირბინა და პასი სტანისლავ ბილენკის მისცა, ამ უკანასკნელმა კი გადაცემა ბარნს ოსეის არ დაუგვიანა, რომლსი დარტყმის მერე შოვნაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. „დინამომ“ სტანდარტული მარჯვნიდან შეასრულა და ამჯერად უსმანე კამარას დარტყმული ბურთი „სამგურალის“ ფეხბურთელს შეეხო, რის შემდეგ, კარს მცირე მანძილით აცდა. ზედიზედ მეორე კუთხურის შემდეგ, ბილენკიმ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და შოვნაძემ საიმედოდ ითამაშა.
73-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის ჩაწოდების შემდეგ, ჯიმი ტაბიძეს თავით გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. შეხვედრის ბოლო წუთზე ბილენკი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ერთ მცველს გაექცა და შოვნაძეს ახო კუთხეში გაუტანა.
„დინამომ“, რომელიც მიჯრით მეორე მატჩში სათამაშოდ ჭიაბრიშვილის ასისტენტმა გიორგი დეკანოსიძემ გაიყვანა 56 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირ ცხრილში მეორეა, ხოლო გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „სამგურალი“ 42 ქულით მე-3 პოზიციაზეა.