ჩოგაძის პირველი გოლი ყაზახეთში, ელოშვილმა ავსტრიაში მესამედ გაიტანა

0
27

თემურ ჩოგაძემ ყაზახეთის პრემიერ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-19 ტურში ყარაგანდას „შახტიორმა“, რომელსაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზაფხულში შეურთდა სტუმრად „აკჟაიკი“ 2:1 დაამარცხა. ყარაგანდელებმა ანგარიში 45-ე წუთზე გახსნეს, ხოლო ჩოგაძემ თავი 75-ე წუთზე გამოიჩინა – ის მოედანზე სამი წუთის შესული იყო. მან ყაზახეთის ჩემპიონატში მე-5 შეხვედრა ჩაატარა.
მასპინძლებში ლუკა იმნაძემ შეუცვლელად ითამაშა და 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო თომა ტაბატაძე თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და 84-ეზე პენალტი ვერ გაიტანა. „შახტიორი“ 30 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა, ხოლო „აკჟაიკი“ 18 ქულით – მეცამეტე.
ლევან ელოშვილმა „გრაცერის“ მაისურით ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. „გრაცერმა“ „ჰორნს“ უმასპინძლა და 2:0 სძლია. ელოშვილი შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა და მისი გუნდი ორ წუთში დაწინაურდა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა თავი 81-ე წუთზე გამოიჩინა. ის „გრაცერს“ ზაფხულში შეუერთდა და ახალ გუნდში 3 გოლი მიითვალა. „გრაცერი“ 15 ქულით 16 გუნდში მესამეა.