ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის „დინამოსთან“ 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
26-ე ტურში გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა „გაგრას“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. 21-ე წუთზე სტუმართა მცველმა ნიკა ჭანტურიამ პასი უკრაინელ მეკარე ოლექსეი ვორობეის გაუკეთა, რომელიც ბურთს ვერ მიწვდა და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი ფანცულაიამ ანგარიში გახსნა – 1:0.
44-ე წუთზე ბათუმელთა ლამაზი კონტრშეტევა ეფექტური გოლით ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა დაასრულა, რომელმაც მარჯვნიდან გრიგოლ ჩაბრაძის პასის შემდეგ ბურთი მიწაზე დაუშვებლად შეუჩერებლად დაარტყა – 2:0. თუმცა, ისიც აღსნიშნავია, რომ ეპიზოდის დასაწყისში ფლამარიონის პასის მერე ფანცულაია აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
ბათუმელებს გაგა კირკიტაძის დამოძღვრილი „გაგრასთვის“ გოლის გატანა მეორე ტაიმშიც შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ფლამარიონის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ ფანცულაიას ვორობეიმ აიღო.
„დინამო“ 60 ქულით 10-გუნდიან ცხრილში ლიდერია, ხოლო „გაგრა“ 25 ქულით მეცხრეა.




