კვარაცხელიას საუცხოო დებიუტი – “ნაპოლიმ” “ლივერპული” გაანადგურა

0
24

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში საუცხოო აღმოჩნდა. “ნაპოლიმ”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშობს, A ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში გასული სეზონის ფინალისტი “ლივერპული” მიიღო და 4:1 დაამარცხა.
კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-5 წუთზე მისი პასის შემდეგ ზელინსკის მიერ კარში დარტყმული ბურთი ხელში საჯარიმოში მყოფ მილნერს მოხვდა – მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თავად პოლონელმა გამოიყენა.
მე-18 წუთზე ოსიმენმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ოსიმენმა “ლივერპულის” მცველს ჯო გომესს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და პასი სტუმართა საჯარიმოში მყოფ კვარაცხელიას გაუკეთა, რომლის დარტყმის მერე ვანდაიკმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
31-ე წუთზე “ნაპოლის” შეტევა კვარაცხელიამ დაიწყო და ზამბო ანგისა მოძებნა, რომელმაც კარგი “კედელი” გაითამაშა ზელინსკისთან, რის შემდეგ, ალისონთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გაზარდა.
44-ე წუთზე კვარაცხელია ჯერ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს გასცდა, შემდეგ საჯარიმოში შესული გომესსაც გაუმკლავდა და იდეალური გადაცემა გაუკეთა კარის წინ მდგომ ჯოვანი სიმეონეს, რომელსაც გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა. არგენტინელმა, რომელიც თამაშში ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად ჩაერთო, ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში ზელინსკის დარტყმული ბურთი ალისონმა მოგერია, მაგრამ პოლონელმა ზუსტად დაამატა – 4:0.
ორ წუთში “ლივერპულმა” ერთი ბურთი გაქვითა, როცა ლუის დიასი მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია, ერთ მცველს გვერდი აუარა და შორეულ კუთხეში “მოჭრილი” დარტყმით გაიტანა.
ვიდრე შეცვლიდნენ კვარაცხელიამ კიდევ ერთი მწვავე შეტევა განახორციელა, როდესაც ბურთიანად მეტოქის საჯარიმომდე იარა და მისი დარტყმული ჟოელ მატიპმა დაბლოკა. ლუჩანო სპალეტიმ ქართველი მოედნიდან 57-ე წუთზე გაიყვანა.
“ლივერპულმა” 2014 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგაში საწყისი 45 წუთი 3 ბურთის სხვაობით წააგო. მერსისაიდელებმა 2021 წლის თებერვლის შემდეგ პირველად თავის კარში 4 გოლი გაუშვეს – მაშინ იურგენ კლოპის გუნდი “მანჩესტერ სიტიმ” გაანადგურა.
A ჯგუფის მეორე მატჩში “აიაქსმა” შინ “რეინჯერსი” 4:0 დაამარცხა.