მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის იური სიომინის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან“ მატჩში „ხუთიანზე“ ითამაშა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ შინ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა – კვარაცხელია ტრადიციულად ძალიან აქტიური იყო და საგოლე პასი შეასრულა.
„ხვიჩას თამაშს „ხუთიანზე“ შევაფასებ. პირველ ყოვლისა, მან საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც მის ინდივიდუალურ მოქმედებას მოჰყვა. ამასთანავე, ხვიჩამ გუნდზე ბევრი იმუშავა. რაც მთავარია, „ნაპოლიმ“ „ლივერპულს“ უბრალოდ აჯობა.
„ლივერპული“ მაღალი დაცვით თამაშობდა. „ნაპოლის“ შეტევაში ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც ამით ისარგებლეს. სპალეტიმ კარგი ტაქტიკა შეიმუშავა, რომელიც მოთამაშეებმა საუცხოოდ შეასრულეს. ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში ტოპ-მოთამაშე იყო“ – იუწყება sport-express.ru სიომინის ნათქვამს, რომელიც კვარაცხელიას „ლოკომოტივში“ 2019 წლის თებერვლიდან მაისამდე წვრთნიდა.
კვარაცხელიამ, რომელიც „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში 6-ჯერ ითამაშა – 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
