ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და 2:1 სძლია.
მასპინძლები მე-5 წუთზე კილიან მბაპემ დააწინაურა, რომელმაც ნეიმარის პასი გამოიყენა. 22-ე წუთზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დუბლი შეასრულა და მას საგოლე გადაცემა ჰაკიმიმ გაუკეთა. „იუვემ“ ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გაიტანა, როდესაც დონარუმა შეცდა და თავი მაკენიმ გამოიჩინა.
მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, შესაშური სტატისტიკა აქვს ნეიმარს, რომლის ანგარიშზე 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლისაბონის „ბენფიკამ“ შინ თელ ავივის „მაკაბის“ 2:0 აჯობა.
ლონდონის „ჩელსისთვის“ ჩემპიონთა ლიგაში სტარტი უიღბლო აღმოჩნდა. ინგლისელები ზაგრებს ეწვივნენ და ადგილობრივ „დინამოსთან“ 0:1 წააგეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ორშიჩმა გაიტანა. გერმანელი თომას ტუხელის თავკაცობით „ჩელსიმ“ ყველა ტურნირში ზედიზედ სამი შეხვედრა პირველად წააგო,
E ჯგუფის მეორე მატჩში „ზალცბურგმა“ „მილანი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.





