ილიას ზუროსი: “ჩვენი ბიჭები საამაყოები არიან ყველასთვის, მთელი ქვეყნისთვის”!

0
53

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2022-ზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პირველად ითამაშა ორი ოვერტაიმი და ისტორიაში პირველად დაამარცხა თურქეთის ნაკრები – 88:83 .
ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია იმიტომაც, რომ საქართველოს ნაკრებმა თითქმის განახევრებული შემადგენლობით მოიპოვა. თავად განსაჯეთ: ევრობასკეტამდე გუნდს გამოაკლდა თორნიკე შენგელია, პირველ მატჩში მიღებული კოჭის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა გოგა ბითაძე. მეოთხე პერიოდში მეტოქესთან გაწევ-გამოწევის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო დუდა სანაძემ, ხოლო მასთან ერთად თამაშის გაგრძელება ხუთი ფოლის გამო ოვერტაიმი ვერ ითამაშა გიორგი შერმადინმა.
დიდი დანაკლისის მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და პლეი ოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გადის. ოთხეულში მოსახვედრად საქართველოსთვის აუცილებელი იყო თურქეთთან გამარჯვება. ეს კალათბურთელებსაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული და პირველივე წუთებიდან მოედანზე სულ სხვა შემართებით გავიდნენ.
კალათბურთში ემოცია ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენს გუნდს ტრიბუნებიდან 10 ათასი ქომაგი ამხნევებდა და მუხტი მოედანზეც გადავიდა. მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დუდა სანაძის სამქულიანის შემდეგ საქართველო 62:59 დაწინაურდა. გავიდა სულ რაღაც ნახევარი წუთი და სანაძესა და ქორქმაზს შორის შელაპარაკება მოხდა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა და მატჩიც რამდენიმე წუთით შეწყდა. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მსაჯებმა ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს.
საფინალო სირენამდე 2:52 წუთით ადრე მეხუთე ჯარიმა მიიღო და მოედანი დატოვა გიორგი შერმადინმა, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იყო.
ბოლო წუთს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ – 66:66. საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე თურქეთის შეტევა შედეგიანად დასრულდა – 68:66 სტუმართა სასარგებლოდ. საპასუხო შეტევაში კი სანდრო მამუკელაშვილმა ეფექტური ორქულიანი ჩააგდო და ორი წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა.
ეს უკვე მეორე ოვერტაიმი იყო საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ევრობასკეტზე. დამატებით დროში თურქეთის ნაკრები 5 ქულის სხვაობით დაწინაურდა. თუმცა თად მაკფადენის ორმა სამქულიანმა საქართველო თამაშში დააბრუნა – 75:75 და დაინიშნა მეორე ოვერტაიმი.
მეორე დამატებითი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მამუკელაშვილის სამქულიანით საქართველო 84:81 დაწინაურდა, ხოლო 21 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე რატი ანდრონიკაშვილი დადგა. ამ დროს თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ერგინ ატამანმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო, რაც ვიდეოგანხილვის შემდეგ მსაჯების მიერ გამოტანილ არასპორტულ ჯარიმას მოჰყვა. არასპორტული და ტექნიკური – საქართველომ დამატებითი საჯარიმოების ტყორცნის უფლება მოიპოვა, ანდრონიკაშვილისა და მაკფადენის საჯარიმოების შემდეგ ჩვენი ნაკრები 88:81 დაწინაურდა და თურქებს წარმატების იმედი გადაეწურათ.
ორივე გუნდის შემადგენლობაში გიორგი შერმადინთან ერთად საუკეთესო შედეგი დააფიქსირა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ორმაგი დუბლი 20 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა. შერმადინის ანგარიშზე 15 ქულა, 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება დაგროვდა. 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა რატი ანდრონიკაშვილმა, დუდა სანაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. თად მაკფადებმა ბევრი სამქულიანი ააცილა (19-დან 4), თუმცა მისი ბურთები საჭირო მომენტში ჩავარდა და თამაშის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი მონაგარია 17 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 6 სექტემბერს, ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთთან გამართავს.
მატჩის შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს ნაკრების მხრიდან მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მატჩის ერთ-ერთი გმირი – ანდრო მამუკელაშვილი დაესწრნენ
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მივულოცო ჩემს კალათბურთელებს – განაცხადა ილიასზ ზუროსმა – დღეს ისინი საამაყოები იყვნენ ჩვენთვის, ყველასათვის, მთელი ქვეყნისთვის და ერისთვის. მათ პირველიდან ბოლო წამამდე იბრძოლეს. ჩვენ 50 წუთი კალათბურთი ვითამაშეთ! წამყვანი კალათბურთელები გვაკლია, თქვენ ეს იცით. გვაკლია გოგა, გვაკლია თოკოც. ზოგიერთმა თამაში ვერ დაასრულა (იცინის – რედ). ჩვენთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო! ასევე ვულოცავ ჩემს სამწვრთნელო შტაბს – მათ ამ დღეებში საოცარი სამუშაო გასწიეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბერძენმა თავკაცმა გულშემატკივრებზე ისაუბრა: “გარდა ამისა, ასევე ვერ ვპოულობ სიტყვებს, როგორ გამოვხატო ჩემი სიყვარული ამ ხალხის მიმართ. გულშემატკივრებს ვგულისხმობ. საოცარი ატმოსფერო იყო, დაუჯერებელი გარემო. მათ ეს თამაში მოგვაგებინეს! მათ მგვცეს ძალა, რომ უფრო და უფრო მაგრად გვებრძოლა. და ჩვენ მოვიგეთ ეს მატჩი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან მაგარი კალათბურთელები და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ზეიმის უფლება ჯერ არ გვაქვს”.
რა შანსები აქვს საქართველოს, რომ ჯგუფიდან გავიდეს? “აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია. ეს მოგება უფრო თავდაჯერებისთვისაა კარგი. იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, კიდევ გვჭირდება გამარჯვება ბოლო თამაშში მონტენეგროსთან და პლუს გამარჯვება ბულგარეთთან, მანამდე. 3 მოგებით ჯგუფიდან გავალთ. თუ არა და გვჭირდება 2 მოგება და დამოკიდებული ვიქნებით სხვა შედეგებზეც. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ზეიმის უფლება ჯერ არ გვაქვს. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდა დღეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება მომდევნო დღეებში. კიდევ ერთხელ: ვულოცავ გულშემატკივრებს და თურქეთის ნაკრებს მომდევნო მატჩებში წარმატებას ვუსურვებ”.
გამარჯვების მნიშვნელობასა და განცდილ ემოციებზე ილიას ზუროსმა განაცხადა: “ყველა გამარჯვებით სიამოვნებას ვიღებ – განსაკუთრებით ასეთი დიდი გამარჯვებებით! საქართველოს ნაკრები ცდილობს, რომ გაიზარდოს და პროგრესი გააგრძელოს. სამწუხაროდ, წელს ყველა კალათბურთელი არ გვყავდა. ეს ისეთი ემოციებია, რაც არასდროს დაგავიწყდება. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი კალათბურთელების გამო, ჩვენი ფანების გამო. გუშინ იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან არ ვიბრძოლეთ და შეცდომები დავუშვით, დღეს კი პირიქით, ბედნიერი ვარ, რადგან ვაჩვენეთ, ვინ ვართ. განსაკუთრებით დაცვაში ვითამაშეთ კარგად”.
სანდრო მამუკელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ეს შესანიშნავი გამარჯვება იყო. დარბაზში სასწაული ატმოსფერო იყო! ფანებს სათანადო მადლობას ვერც გადავუხდი. საოცარი გულშემატკივრები გვყავს, თამაში მოგვაგებინეს. საწყისი ორი მატჩი წავაგეთ და ხალხი მაინც ასე გვქომაგობს, ასე გვიდგას მხარში. ასეთ ატმოსფეროში თურქეთის მსგავს კარგ გუნდთან თამაში ძალიან მაგარია. ასეთ გარემოში ყველას გაუჭირდება. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ! როგორც მწვრთნელმა თქვა, გოგას და თოკოს სახით ორი საუკეთესო მოთამაშე გვაკლია. ყველამ საოცრად ითამაშა, ანდრონიკაშვილმა, ჯინჭარაძემ… ყველამ საოცარი სამუშაო შეასრულა. ახლა უბრალოდ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავმშვიდდეთ და მომდევნო მატჩებზე ვიყოთ ფოკუსირებულები.”