„დინამოს“ გამარჯვება მეკარის ტრავმად დაუჯდა, დრამა საგურამოში და რუსთავში

0
25

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ „თელავს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. თბილისელებმა დაწინაურება მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ იმრანის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ლუკა სანიკიძემ ბურთი მოიგერია. თუმცა, სტუმრებს გოლის ცდა დიდი ხანი არ მოუწიათ, რადგან მე-5 წუთზე თორნიკე კირკიტაძე მარჯვენა ფლანგზე ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი იმრანს გაუკეთა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 0:1.
28-ე წუთზე კერესელიძემ კარიდან გამოსვლის დროს უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო ახლო მანძილიდან გურამ ყაველაშვილის დარტყმულს საბა ხვადაგიანმა „დააფარა“. ამ ეპიზოდში კერესელიძემ დახტომის დროს ფეხი ცუდად დადგა და მუხლი დაიზიანა, რის გამო მოედანი თანაგუნდებელის დახმარებით დატოვა. ის 21 წლის ლუკა კუტალაძემ შეცვალა, რომელმაც „დინამოში“ მიმდინარე სეზონში თავისი პირველი, ხოლო საერთო ჯამში მესამე მატჩი ჩაატარა.
ტაიმის მიწურულს „დინამოს“ ფეხბურთელებმა კონტრშეტევის დროს რამდენიმესვლიანი ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც კართან ახლოს მყოფმა კირკიტაძემ სუსტი დარტყმით დაასრულა და სანიკიძემ ბურთს დაეუფლა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში თანაგუნდელის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოსი მყოფმა ბექა ქავთარაძემ ბურთი მკერდით მიიღო და მისი დარტყმული კუტალაძემ მოიგერია, მაგრამ „თელავის’ ფორვარდმა მეორე ცდით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში „დინამოს“ დაწინაურება იმრანს შეეძლო, თუმცა, სანიკიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. 70-ე წუთზე იმრანმა თავისი ნახევრიდან იდეალური პასი მისცა კირკიტაძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და თავისი შანსი გამოიყენა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „დინამო“ 53 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო გია ცეცაძის გაწვრთნილი „თელავი“ 28 ქულით მეშვიდეა.
თბილისის „ლოკმოტივმა“ გორის „დილა“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 აგებდა, მიმდინარე სეზონში ფრედ მეორე შეხვედრა დაასრულა. მატჩის მე-19 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემი შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თორნიკე კაპანაძემ ერთი შეხებით ანგარიში გახნა. 38-ე წუთზე ვანდერსონ სილვას შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ რეზო ლომიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და კარის წინ მყოფმა ონორე გომისმა თავით გაიტანა.
58-ე წუთზე „ლოკომოტივის“ შეტევის დროს ბიძინა მახარობლიძემ მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია, ამოს ნონდისს გაცდა და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუტად დაარტყა – 1:2.
83-ე წუთზე კახა კახაბრიშვილმა მარცხენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და მახარობლიძემ ნახტომში თავით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა – 2:2.
უკრაინელი ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილმა „დილამ“ 38 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე, ხოლო ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივმა“ თავი 5 ქულა მოუყარა და ბოლოა.
„საბურთალომ“ მარცხიანი სერია კი შეწყვიტა, მაგრამ რუსთავში ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ბოლნისის „სიონთან“ გამართულ დრამატულ მატჩში მხოლოდ ქულა აიღო.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ კუთხური ჩააწოდა და თავით ანგარიში გახსნა. შეხვედრის ბოლო წუთზე „საბურთალოს“ ფეხბურთელმა დაცვიდან ცუდად ამოიტანა ბურთი, რომელიც კოტრივუარელმა აბდულაზიზ დუმბიამ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დაარტყა – 1:1.
ლაშა ნოზაძის გაწვრთნილი თბილისელები 31 ქულით მე-6 ადგილზე არიან, ხოლო „სიონი“ 27 ქულით მერვეა.