კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ მიიღო და სამი ქულის აღება არ გაჭირვებია. გია გეგუჩაძის გუნდი 39-ე წუთზე მათე ვაწაძემ დააწინაურა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან გიორგი ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ სტუმართა საჯარიმოში მცველს დაასწრო და ბურთს კარში ადგილი მიუჩინა – 1:0.
69-ე წუთზე ბენჟამის ტეიდმა თელაველთა საჯარიმოში გახსნილი გიორგი ფანცულაია მოძებნა, რომელმაც არ დაუგვიანა პასი ირაკლი ბიძინაშვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. 72-ე წუთზე ფანცულაიამ საგოლე გადაცემა უკვე ჯაბა ჯიღაურს გაუკეთა, რომელსაც ახლო მანძილიდან მიზანმა არ უმტყუნა – 3:0. 90-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა მარჯვენა ფრთიდან ძალიან კარგი პასი მისცა სტუმართა საჯარიმოში მყოფ ფანცულაიას, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 4:0.
მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ 57 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო გია ცეცაძის თავკაცობით „თელავმა“ 28 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელი „ლოკომოტივი“ მიიღო, რომელსაც ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნი წვრთნის და 5:0 გაანადგურა.
მატჩის მე-17 წუთზე ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკის მეტოქის საჯარიმოში ნიდერლანდელი იმრანი მოძებნა, რომელმაც ოთო გოშაძეს ახლო კუთხეში გაუტანა – 1:0. 32-ე წუთზე გოშაძის მოგერიებული ბურთი დავით კობოურმა შეუჩერებლად დაარტყა და ზედა ძელს მოახვედრა, ხოლო იმრანმა ზუსტად დაამატა – 2:0. მან „დინამოში“ გადასვლის შემდეგ პირველი დუბლი გაიფორმა.
35-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ნიკა მალიმ კარის წინ მდგომი უკრაინელი სტანისლავ ბილენკი მოძებნა, რომელსაც ერთი შეხებით გატანა არ გაჭირვებია – 2:0. 39-ე წუთზე კამარას გადაცემის შემდეგ ბილენკიმ „ლოკომოტივის“ საჯარიმოში მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ბურთს კარში ადგილი მიუჩინა. უკრაინელმა ამ სეზონში მეორე დუბლი შეასრულა, შეხვედრის 83-ე წუთზე წერტილი გიორგი გაბედავამ დასვა, როდესაც დავით სხირტლაძის პასის მერე გოშაძესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი გამოიყენა – 5:0. გაბედავამ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
„დინამო“ 50 ქულით მეორე პოზიცაზეა.
ზესტაფინში გამართულ იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას ორჯერ აგებდა, მაინც გაიმარჯვა -3:2. მე-12 წუთზე ილია ახვლედიანის გრძელი გადაცემის შემდეგ კარიდან გამოსული როინ კვსხვაძე შეცდა და ირაკლი რუხაძემ ანგარიში გახსნა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ლაშა შერგელაშვილმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და გიული მანჯგლაძემ თავით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 75-ე წუთზე ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველა ომარ პატარკაციშვილმა დაასწრო და თავით სტუმრები დააწინაურა – 2:1. 90-ე წუთზე მარჯვნიდან აკაკი შულაიას პასის მერე თორნიკე ახვლედიანმა თითქოს ერთი შეხებით ბურთი ვერ დაიმორჩილა, მაგრამ კარში მაინც დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შულაიამ მარჯვენა ფლანგზე მეტოქეს სისწრაფეში აჯობა და მისი ჩაწოდების შემდეგ ლევან მჭედლიძემ ზუსტი თავურით „ტორპედოს“ სამი ქულა მოუტანა.
გიიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 39 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 34 ქულით მეხუთეა.

უჩა სოსიაშვილის ბოლნისის „სიონმა“ „გაგრა“ მიიღო, რომელსაც გაგა კირკიტაძე წვრთნის და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. „სიონი“ 26 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 25 ქულით მეცხრეა.





