ავსტრალიის „ნიუკასლ ჯეთსში“, სადაც გასულ სეზონში ფორვარდი ბექა მიქელთაძე გამოდიოდა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა.
კერძოდ, ნიუკასლელთა პრესსამსახურის ინფორმაციით თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ბექა დარცმელიამ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ჩვენ გვიხარია, რომ ბექას დონის მოთამაშე დავიმატეთ. ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო და ასევე, საქართველოში თავის კლუბს კაპიტნობდა. ის ცაციაა, სტანდარტული მდგომარეობების სპეციალისტია და ასევე, ბოლო მესამედში ძალიან შემოქმედებითია. მას „ნიუკასლ ჯეთსში“ მოუთმენლად ველოდებით“ – განაცხადა ავსტრალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არტურ პაპასმა.
22 წლის დარცმელია კარიერის განმავლობაში თბილისის „დინამოში“ და „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.
მიქელთაძეს რაც შეეხება, 24 წლის თავდამსხმელმა „ნიუკასლის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ავსტრალიის ჩემპიონატში 24-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.





