ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში ფრედ მეორე მატჩი დაასრულა. გია გეგუჩაძის შეგირდები საგურამოში თბილისის „ლოკომოტივს“ აშკარა ფავორიტის რანგში ესტუმრნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოიპოვეს.
პირველი ტაიმის სტარზე ანგარიშის გახსნა „ლოკომოტივს“ შეეძლო, როდესაც სომალელმა ლეგიონერმა ლიბან აბდულაჰიმ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ტაიმის შუაწელში მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და ბათუმელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ, გიორგი გაბაძემ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
შესვენებამდე „დინამოს“ რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია – ერთ ეპიზოდში პაატა ღუდუშაურის დარტყმის შემდეგ ბურთი კარს გადაცდა, ხოლო მეორედ ჩაბრაძემ საჯარიმოს მისადგიმებიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
52-ე წუთზე ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის გაწვრთნილმა გუნდმა კუთხური ჩააწოდა და გუგა ფალავანდიშვილმა თავის საჯარიმოში ანდრო გიორგაძე წააქცია, რის გამო მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად თორნიკე ძებნიაურმა შეასრულა – 1:0.
ამის შემდეგ, დინამოელებს ანგარიშის გათანაბრება ორჯერ შეეძლოა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მეკარე ოთო გოშაძემ საუცხოოდ ითამაშა და ახლო მანძილიდან მამუკა კობახიძის თავურის შემდეგ ბურთი მოიგერია, ხოლო მეორედ გაბაძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
ბათუმელებს ქულა გიორგი ფანცულაიამ გადაურჩინა, რომელმაც 86-ე წუთზე მარჯვნიდან გიორგი მამუჩაშვილის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავით ბურთს ადგილი კარში მიუჩინა – 1:1.
შეხვედრის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე თბილისელთა კონტრშეტევის დროს ბიძინა მახარობლიძე ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძესთან პირისპირ გავიდა და მიდი დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში „ლოკომოტივის“ საჯარიმს ხაზიდან ჯაბა ჯიღაურმა სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა.
ბათუმელები 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს 54 ქულით ლიდერობენ, ხოლო „ლოკომოტივი“, რომელმაც ამ სეზონში პირველი ფრე ითამაშა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.




