ლოჩოშვილის დამაჯერებელი დებიუტი

0
45

ლუკა ლოჩოშვილსი დებიუტი იტალიის სერია A-ს მეორე ტურში “რომასთან” შედგა. 24 წლის მცველი მე-4 ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რომელმაც იტალიის ელიტარულ ლიგაში ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე ფორვარდით შეცვალეს. ის მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენეს და ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. პირველ ტაიმში ორ ეპიზოდში პაულო დიბალას ხისტად ეთამაშა და თუ პირველ შემთხვევაში მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, მეორედ არგენტინელის მოთხოვნის მიუხედავად ქართველის მხრიდან საჯარიმოში წესის დარღვევა არ დააფიქსირა. გარდა ამისა, შესვენებამდე ლოჩოშვილმა ძანიოლოს სახიფათო გარღვევა ფეხებში ვარდნით აღკვეთა და საბოლოოდ, იტალიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მხარი დაიზიანა, რის გამო შეცვალეს.
“რომამ” გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა და ამ ეპიზოდში ლოჩოშვილი დამნაშავე არ იყო. ბურთის გაშვებიდან ორ წუთში ქართველი შეტევაში ჩაერთო და შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა – პორტუგალიელმა მეკარე რუი პატრისიუმ მასპინძლები გოლის გაშვებისგან ნახტომში გადაარჩინა.
სერია A-ში წელს დაბრუნებულმ “კრემონეზემ” სეზონის სტარტზე ორივე მატჩი წააგო და 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.