„მანჩესტერმა“ სეზონის პირველი გამარჯვება „ლივერპულთან“ ჩაიწერა

0
27

ახალი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა მოიგო. მე-3 ტურში ინგლისის მასშტაბით ყველაზე პრინციპულ დერბიში მანჩესტერელებმა იურგენ კლოპის გაწვრთნილ „ლივერპულს“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.
მასპინძლები ორი ტაიმის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდნენ და მათი გამარჯვება გასაკვირი არაა. მე-11 წუთზე ანგარიშის გაზრდა ანტონი ელანგას შეეძლო, რომელმაც ბრუნუ ფერნადეშის კარგი პასი მიიღო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი ძელს მოახვედრა.
მე-16 წუთზე ელანგამ მარცხენა ფლანგიდან პასი მეტოქის საჯარიმოში მყოფ ჯეიდონ სანჩოს გაუკეთა, რომელმაც ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0. 53-ე წუთზე მარსიალის გადაცემის მერე რაშფორდი პირისპირ გავიდა ალისონთან და ზუსტად დაარტყა – 2:0.
81-ე წუთზე ფაბიო კარვალიოს დარტყმის შემდეგ დე ხეამ ბურთი მოიგერია, მაგრამ სალაჰმა დამატებაზე მეტოქის კარი მაინც აიღო – 2:1.
ეგვიპტელმა ლივერპულელთა მაისურით ინგლისის პრემიერ ლიგაში 128 გოლი მიითვალა და ამ მაჩვენებლით კლუბის ლეგენდას სტივენ ჯერარდთან ერთად პირველ ადგილს იყოფს. მან „ლივერპულის“ შემადგენლობაში „მანჩესტერის“ კარი 10-ჯერ აიღო, რაც ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაში რეკორდია.
„მანჩესტერმა“ პრემიერ ლიგაში „ლივერპული“ 2018 წლის 10 მარტის შემდეგ პირველად დაამარცხა – მანამდე 8 შეხვედრაში ვერ მოუგო. „ლივერპულმა“ 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად ინგლისის ჩემპიონატში წააგო. 22 აგვისტოს გამართულ შეხვედრამდე „მერსისაიდელებმა“ 16-ჯერ გაიმარჯვეს და 5 თამაში ფრედ დაასრულეს.
ერიკ ტენ ჰაგმა მწვრთნელის რანგში იურგენ კლოპს პირველად აჯობა. მანამდე, ნიდერლანდელი გერმანელთან ორჯერ დამარცხდა.
„მანჩესტერი“ 3 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა, ხოლო „ლივერპული“ 2 ქულით – მეთექვსმეტეა.