თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა საშინაო მოგებით განაახლა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლეს და 3:1 გაიმარჯვეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 65-ე წუთზე გვინეელი უსმანე კამარას გადაცემის შემდეგ, „სიონის“ საჯარიმოში მყოფმა გიორგი მოისწრაფიშვილმა კარში ზუსტად დაარტყა – 1:0.
70-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს თემურ ბექაურმა ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც „დინამოს“ ახალწვეულ ჯიმი ტაბიძეს აჯობა ნიკა ხორხელმა და თავით გაიტანა – 1:1.
77-ე წუთზე გიორგი გაბედავამ პასი მოისწრაფიშვილისგან მიიღო და საჯარიმოს გარედან დაარტყა – სადებიუტო შეხვედრის ჩამტარებელ ბრაზილიელ მცველ ვიტორ კარვალიუს ფეხიდან ბურთი კარში აღმოჩნდა.
82-ე წუთზე მეტოქის კარის წინ მყოფი გაბედავას დარტყმის შემდეგ, „სიონის“ მცველისგან ბურთი „დინამოს“ ახალ კაპიტან დავით სხირტლაძეს მოუვიდა, რომელმაც ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და დარტყმის ნაცვლად გადაცემა კამარას გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
„დინამო“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით „სიონს“ 21 ქულა აქვს და მერვეა.





