მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თქმით, მიმდინარე სეზონში თავის გუნდთან ერთად ყველა ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მან ამის შესახებ დღეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში უეფას ევროპის სუპერთასზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ტურნირში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მართალია, ექვსი ტურნირის მოგება რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით. ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ. მიმაჩნია, რომ „რეალი“ გასულ სეზონთან შედარებით უფრო ძლიერია. მთელი ძალით ვიბრძოლებთ.
გასული სეზონი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო იყო, რადგან მანამდე ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ერთად არასოდეს მომიგია. თუმცა, ამას ფეხბურთელებმა მიაღწიეს, ვინაიდან მათში საუცხოოდ შეერწყა სულისკვეთება, საქმისადმი მიდგომა, სათამაშო თვისებები, გამოცდილება და ენთუზიაზმი.
გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა. ყოველი მოგების შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობ. სტატისტიკა ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. უფრო მეტ სიამოვნებას ჩემს მოთამაშეებთან ურთიერთობით ვიღებ“- იუწყება ანჩელოტის ნათქვამს „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდი.
“რეალი” – “აინტრახტის” შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.





