თენგიზ სულაქველიძემ თბილისის „დინამოს“ მდიდარ ისტორიაში გამორჩეული, ღირსეული ადგილი დამსახურებულად დაიმკვიდრა. სულაქველიძე გასული საუკუნის 70–80–იან წლებში თამაშობდა, თუმცა, დღესაც ნებისმიერ ევროპულ კლუბში მაღალ დონეზე გამოსვლას შეძლებდა. უნივერსალური ტიპის ფეხბურთელი იშვიათი პროფესიული თვისებებით გამოირჩეოდა და საფეხბურთო მწვერვალები მრავალწლიანი მოუღლელი შრომის შედეგად დაიპყრო.
ქუთაისის უბან ჭომაში მცხოვრებმა თენგიზ სულაქველიძემ ფეხბურთში წვრთნა 1973 წელს მრავალი თაობის აღმზრდელ კარლო ხურციძესთან დაიწყო და გიგა ნორაკიძემ მალევე „ტორპედოში“აიყვანა. 1975 წელს გუნდში მურთაზ ხურცილავა მივიდა, რომელთან გვერდიგვერდ თამაშმა სულაქველიძის მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა.
1978 წელს თბილისის „დინამოს“ დამრიგებელმა ნოდარ ახალკაცმა ქუთათურთა უკანახაზელი გუნდში მიიწვია. იმ სეზონში დინამოელები მეორედ გახდნენ საკავშირო ჩემპიონები, სულაქველიძის სახით კი ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა საიმედო ფეხბურთელი დაიმატა.
მომდევნო სეზონი როგორც მთლიანად „დინამოსთვის“, ასევე კონკრეტულად სულაქველიძისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა. გუნდმა სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარა სეზონი, საკავშირო თასს მეორედ დაეუფლა, ხოლო ჩმპიონთა თასზე „ლივერპულს“ სძლია. მოსკოვის „დინამოსთან“ ჩატარებულ თასის ფინალში მატჩისშემდგმი პენალტების სერიაში სულაქველიძემ ბოლო თერთმეტმეტრიანი გაიტანა, რასაც ოთარ გაბელიას მიერ მოგერიებული პენალტი და ხელმეორე სათასო ტრიუმფი მოჰყვა.
ევროთასებზე თენგიზ სულაქველიძემ 31 მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრებში ყოველთვის ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. კარგად გვახსოვს, როგორი უმნიშვნელოვანესი გოლები გაუტანა როტერდამის „ფეიენოორდს“, ვარშავის „ლეგიას“, სოფიის „ლოკომოტივს“, ბრემენის „ვერდერს“. ქართველმა ნახევარმცველმა ბრემენელთა მწვრთნელ რეჰაგელზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, „მეფე ოტომ“ სულაქველიძეს კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.
გამოსარჩევია მარადონა–სულაქველიძის დუელი. იგი სამჯერ შედგა და სხვებთან შედარებით ბატონმა თენგიზმა კარგად გაართვა თავი დიეგო არმანდოს განეიტრალებას.
რვა წლის განმავლობაში იწვევდნენ თენგიზ სულაქველიძეს საკავშირო ნაკრებში და ქართველი უკანახაზელი ყოველთვის სტაბილურად საიმედო თამაშით გამოირჩეოდა.
ბატონ თენგიზს დაბადების დღეს ვულიცავთ, ჯანმრთელობას და საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ.
მთავარი ნიუსი თენგიზ სულაქველიძე – უნივერსალი პროფესიონალი