მას შემდეგ, რაც საქართველომ მაკედონიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბრძოლაში დათმო, ჩვენი ნაკრები პლეი ოფს მიღმა დარჩა და 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში IX-XVI ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. შესაბამისად, მაქსიმუმი, რასაც მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა შესაძლოა მიაღწიოს, მე-9 ადგილია. ამისთვის ქართველებმა პირველი ნაბიჯი წარმატებით გადადგეს, დაამარცხეს რა ნიდერლანდების ნაკრები და ახლა უკვე 9-12 ადგილებისთვის მებრძოლ ოთხ გუნდში გადაინაცვლეს.
ჩვენი ნაკრები ნიდერლანდებს აქამდე არაერთხელ, თურქეთში და თბილისში, ამხანაგურად შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრაში კი საქართველომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გლიგორიევიჩის გუნდს 1 პერიოდი დასჭირდა საკუთარი თამაშის საპოვნად. პირველი მეოთხედი 11:14 დათმო, რის შემდეგაც მომწევნო პერიოდები 20:10 და 23:12 იმარჯვა, მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.
საბოლოოდ ქართველებმა 67:53 გაიმარჯვეს და ნიდერლანდები 13-16 ადგილებისთვის საბრძოლველად გაუშვეს. ჩვენს ნაკრებში ყველაზე მეტი, 16 ქულა ლუკა ლიკლიკაძემ ჩააგდო, თუმცა საერთო სარგებლიანობით უმაღლესი შედეგი ვლადიმერ თავაქარაშვილს ჰქონდა – 10 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა. ვლადიმერ სალარიძემ 12 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ნიკა რატიანმა კი 11 ქულა და 7 მოხსნა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ირლანდიასთან, 23 ივლისს, 21:15 საათზე, ირლანდიასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ნაკრები ტურნირის მე-9 ადგილისთვის კოსოვო-უნგრეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება ტურნირის მოწინავე გუნდებს, ნახევარფინალში ისლანდია ფინეთს, ხოლო სერბეთი ესტონეთს დაუპირისპირდება. ამ 4 გუნდიდან 3 საუკეთესო მიიღებს “ა” დივიზიონის საგზურს.
კალათბურთი ნიდერლანდელებს დამაჯერებლად მოვუგეთ